ავტოსპორტი

22:59 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის იაპონიის დიდი პრიზი ისევ გაუქმდა

ფორმულა ერთის იაპონიის დიდი პრიზი, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ სეზონშიც არ გაიმართება. რბოლა სუზუკას ტრეკზე, 8-10 ოქტომბრისთვის იყო დანიშნული. ერთი კვირით ადრე, კალენდარში სინგაპურის დიდი პრიზი იყო შეტანილი, მაგრამ ისიც იმავე მიზეზით გაუქმდა.

ფორმულა 1-ის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი უკვე მუშაობს იმაზე, რომ იაპონური ეტაპი რომელიმე სხვა ეტაპით შეცვალოს. ამაზე გადაწყვეტილება უახლოესი კვირეების განმავლობაშია მოსალოდნელი.

იაპონიამ ახლახანს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა, რომელიც პანდემიის გამო, მაყურებლის გარეშე ჩატარდა. იყო იმის შანსიც, რომ თამაშები ზედიზედ მეორედ გადადებულიყო, ან გაუქმებულიყო კიდეც.

როგორც ცნობილია, ამ სეზონის ბოლოს, „ჰონდა“ ფორმულა 1-ს ტოვებს. ავტოკომპანიას სურდა, რომ წასვლის წინ, საშინაო რბოლაში გამარჯვებისთვის ებრძოლა. მისი პარტნიორი „რედ ბული“ მიმდინარე სეზონში მედგარ კონკურენციას უწევს „მერსედესს“. „ჰონდას“ სურდა, რომ დიდი პრიზების ცირკი, საშინაო რბოლაში (სუზუკას ტრეკი მას ეკუთვნის) გამარჯვებით დაეტოვებინა.

„ჩვენ ყველაზე მეტად გულდაწყვეტილები ვართ, რადგან ეს ჩვენი ფირმულა ერთის პროექტის ბოლო წელია. და ვიცით, რომ ბევრ ფანს სურდა მასზე დასწრება“, - ამბობს „ჰონდას“ ბრენდის ოპერაციების შეფი კოძი ვატანაბე.

თუ იაპონიის ადგილს კალენდარში ვერ შეავსებენ, ამან შეიძლება თურქეთის დიდ პრიზსაც პრობლემა შეუქმნას, რომელიც კალენდარში სინგაპურის ადგილზე, იაპონიამდე ერთი კვირით ადრე ჩასვეს. საქმე ისაა, რომ თურქეთი ბრიტანეთის (სადაც ფ1-ის გუნდბის უმეტესობაა ბაზირებული) წითელ სიაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთდან ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ, 10-დღიანი სავალდებულო კარანტინია გასავლელი. სუზუკაზე რბოლის ჩატარების შემთხვევაში, ამ ვადას გუნდები და მათი წევრები, იაპონიაში გაატარებდნენ. მაგრამ თუ ვაკანსია დარჩა, გუნდებს პირდაპირ ბრიტანეთში დაბრუნება და კარანტინის გავლა მოუწევთ. ეს კი პრობლემაა.

ამიტომ, ფორმულა ერთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სუზუკას ადგილზე სიცარიელე არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქული ეტაპის დაკარგვის რეალური საშიშროებაც გაჩნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112283