ესპანური „ვალენსიას“ ვეტერანმა მეკარემ ხოსე მანუელ სემპერემ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. 63 წლის ესპანელი ფიქრობს, რომ ქართველმა მეკარემ ნდობა დაიმსახურა და ხოსე ბორდალასმა ის იასპერ სილესენით არ უნდა ჩაანაცვლოს.
აღსანიშნავია, რომ სემპერეს „ვალენსიას“ ისტორიაში დიდი კვალი აქვს დატოვილი და „ღამურების“ ღირსებას 1979-1995 წლებში იცავდა (301 მატჩი).
- მამარდაშვილი იყო პირველი ტურის დიდი სიურპრიზი. მან სემპერეც გააოცა?
- ის არის მეკარე, რომელსაც აქვს ბევრი პროექცია და თვისებები, რაც მის დიდ მომავალში მარწმუნებს. „ხეტაფესთან“ ძალიან კარგი იყო, ძალიან მშვიდი, ლა ლიგიაში დებიუტისას. მე ვნახე მეკარე, რომელიც თითქოს ლა ლიგაში ძალიან დიდი ხანია თამაშობს.
- ის არის 20 წლის მეკარე, რომელიც გუნდს სიმშვიდეს გადასცემს...
- ვფიქრობ, რომ ბორდალასს ოჩოტორენა (მეკარეების მწვრთნელი - რედ) ესაუბრა და გადაწყვეტილებამდე ერთად მივიდნენ. ამ თვისებების მქონე მეკარე, ამ პროექციით... არც ვიცი, რა ვთქვა, როგორც ჩანს ესპანეთის ჩემპიონატს კარგად იცნობდა და მთელ დაცვას სიმშვიდე გადასცა. ეს უზარმაზარი სიურპრიზი იყო.
- მან ისწავლა მცველებთან კომუნიკაციისთვის საჭირო ძირითადი სიტყვებიც...
- თუ ლაკონურად, მოკლედ საუბრობ და იცი ძირითადი საფუძვლები, დიდი პრობლემა არ არის. მას კარგი კომუნიკაცია აქვს ცენტრალურ მცველებთან, პაულისტასთან და ალდერეტესთან. ეს სამუელი გუნდს სიმშვიდეს ანიჭებს და ამ ბაზიდან შესაძლებელია გუნდის შექმნა და მისი საფუძვლების გაძლიერება.
- „ხეტაფესთან“ მეორე ტაიმში ორი ძალიან რთული ბურთი აიღო. რომელი იყო უფრო რთული?
- ვფიქრობ, პირველი, როდესაც მისგან მარჯვნივ დაბალი დარტყმა აიღო (84-ე წუთზე უგო დუროს დარტყმა - რედ). ამ სიმაღლის მეკარეს ძნელია ჰქონდეს ასეთი რეაქცია და აიღოს ბურთი ისე, როგორც მან გააკეთა. მისი სიმაღლის გამო მაღალი ბურთების მოგერიება უფრო ადვილია. ასევე მიიქცია ჩემი ყურადღება მანამდე „კარტახენასთან“ შესრულებულმა სეივმა. ასეთი სიმაღლის მეკარისთვის გასაკვირია მსგავსი სისწრაფე და რეფლექსები, ეს უფრო დამახასიათებელი დაბალი მეკარეებისთვისაა.
- ახლა სილესენი ბრუნდება. ვის ათამაშებდით თქვენ?
- მე არ ვიცი, რას გააკეთებდა ბორდალასი „ხეტაფესთან“ სილესენი ჯანმრთელი რომ ყოფილიყო და მამარდაშვილი ამ ფორმაში. კონკურენცია კარგია. თუ ის შეინარჩუნებს ამ დონეს, მაშინ შესაცვლელი არაფერია. როდესაც რაღაც კარგად მუშაობს, უმჯობესია მას არ შეეხო, ფეხბურთი ასეთია. ეს ბიჭი მეორე გუნდისთვის მოიყვანეს და ახლა მთავარ გუნდშია. უნდა გააგრძელონ მისი ნდობა, რადგან მან ეს დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის მეორე ტურში 21 აგვისტოს, სტუმრად „გრანადას“ შეხვდება. მამარდაშვილს ამ კლუბის წინააღმდეგ გასულ წელს ევროპა ლიგაზე აქვს ნათამაშები. აქვე გეტყვით, რომ იასპერ სილესენი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხოსე ბორდალასს ამჯერად ნიდერლანდელ და ქართველ მეკარეს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.