ავტოსპორტი

11:50 | 18.08.2021 | ნანახია 766 - ჯერ

სებასტიან ლოები რალის ისევ დაუბრუნდება

მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები, რალის მსოფლიო ჩემპიონატს ისევ უბრუნდება. ამჯერად, ის მოლაპარაკებას „ფორდთან“ აწარმოებს. ოღონდ, მხოლოდ ცაკლეულ ეტაპებზე აპირებს გამოსვლებს.

ლოები მოლაპარაკებას ბრიტანულ გუნდ „M-სპორტთან“ აწარმოებს. ამის შესახებ, გუნდის შეფმა მალკოლმ უილსონმა განაცხადა. „ჩვენ სებასტიანთან ურთიერთობა გვაქვს, ოღონდ სულ ესაა, რისი გაგებაც ამ ეტაპზე ჩემგან შეგიძლიათ“, - ამბობს უილსონი.

47 წლის ლოებმა ამასწინათ უილსონი „შემთხვევით“ ახსენა: „შეიძლება ვინმემ ისევ დამიძახოს. თუ მალკოლმი მთხოვს, მასთან ერთად ერთ რბოლაში, ან ნახევარ სეზონში მივიღო მონაწილეობა, თუ ვინმეს დავჭირდები, რატომაც არა? ფინეთის რბოლაზე ასპარეზობას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ შარშან თურქეთში ვიარე და ძალიან მომეწონა“.

სხვათა შორის, ლოებს მისი სახელოვანი კარიერის განმავლობაში, ძირითტად მეტოქეებად ყოველთვის ჰყავდა „M-სპორტის“ მრბოლები. ორჯერ (2006 და 2009 წლებში) მან „ფორდის“ პილოტებს, ტიტულისთვის ბრძოლა მხოლოდ თითო ქულით მოუგო. უფრო მეტიც, 2004 წელს თავისი პირველი ტიტულის მოპოვების შემდეგ, ფრანგმა „ფორდ ფოკუსის“ ტესტებზე მიიღო მონაწილეობა და ბრიტანულ გუნდში გადასვლის ვარიანტსაც განიხილავდა. მაგრამ საბოლოოდ, „სიტროენში“ დარჩენა გადაწყვიტა.

მომავალი სეზონისთვის „M-სპორტი“ ახალ ავტომობილს, „ფორდ პუმას“ ამზადებს, რომელიც ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად შემუშავდა. და ამ ავტომობილის სრულყოფაში, ლოებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. გარდა ამისა, ლოები დამრიგებლის როლს შეასრულებს ახალგაზრდა ფრანგი პილოტის, ადრიან ფურმოსთვის, რომელთან მოლაპარაკებასაც „M-სპორტი“ აწარმოებს.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

0.127756
766