დაახლოებით ერთი წლის წინათ, ფაბიო იაკობსენს პოლონეთის ტურზე რბოლისას, მძიმე ინციდენტი შეემთხვა, რის შემდეგაც, გარკვეული დრო მართულ კომაში გაატარა. დღეს კი მან ვუელტა ესპანიას მეოთხე ეტაპზე გაიმარჯვა.
„დღეს ოცნბა ავისრულე. იმ შეჯახების შემდეგ, ფორმაში შესასვლელად ბევრი ვარჯიში დამჭირდა. დღეს კი გამარჯვებულის კვარცხლბეკზე ვდგავარ“, - განაცხადა „დესონინკ-ქვიკ-სტეპის“ ჰოლანდიელმა მრბოლმა.
ფინიშამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე, ინციდენტი შეემთხვა რბოლის ესტონელ ლიდერ რაინ ტაარამაეს (ინტერმარკე-ვანტი), თუმცა მან მაინც მოახერხა დანაკარგის აღმოფხვრა და ლიდერის წითელი მაისურის შენარჩუნება.
იაკობსენს შარშანდელი ინციდენტი თანამემამულე დილან გრიონევეგენთან შეემთხვა, რომელმაც გზის პირას გარიყა და ბარიერთან შეაჯახა. იაკობსენი სიკვდილს გადაურჩა და სახის რეკონსტრუქცია დასჭირდა. ველოსპორტის საერთაშრისო კავშირმა (UCI) გრიონევეგენი ინციდენტში დამნეშავედ სცნო და ცხრათვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
„ჩემი ჯანმრთელობისთვის ბევრმა ადამიანმა ბევრი იშრომა და ეს მათი გამარჯვებაცაა. მე ვგულისხმობ პოლონელ ექიმებს, ქირურგებს, მთელ სამედიცინო შემადგენლობას, რომლებიც ჩემთვის მეორე ოჯახად იქცნენ. ასევე გუნდს და ყველას, ვინც ვარჯიშებზე ჩემთან იყო. ეს ჩემი ოჯახის გამარჯვებაცაა, რადგან ისინი არიან იმის მიზეზი, თუ რატომ ვარ მე აქ“, - განაცხადა იაკობსენმა, ვინც ფინიშამდე რამდენიმე მეტრით ადრე შეძლო ფრანგი არნო დემარის ჩამოტოვეა.
ტაარამაეს ავარია ფინიშამდე დაახლოებით ორი კილომეტრით ადრე მოუვიდა, მაგრამ სწრაფად წამოდგა და რბოლა პელოტონთან ერთად გააგრძელა. ის ამის შემდეგაც 25 წამს უგებს მეორეზე მყოფ ფრანგ კელი ელისონდეს (ტრეკ სეგაფრედო).
„არ ვიცი, რატომ წავიქეცი. მთავარია, რომ კარგად ვარ. ბევრი ტრავმა არ მიმიღია. თუ ხვალ ქარი არ იქნება, შეიძლება მაისურის შენარჩუნება შევძლო. მომდევნო ეტაპზე კი ბოლოს მცირე აღმართი გველის. ვფიქრობ, თუ კარგ პოზიციაში ვიქნები, მაისურს ამ ეტაპზეც შევინარჩუნებ. ალიკანტეში კი დიდი ბრძოლა იქნება და ალბათ გამიჭირდება“, - განაცხადა ლიდერმა.