28 წლის რომელუ ლუკაკუ „ჩელსიში“ დაბრუნდა. „არისტოკრატებმა“ მასში 97,5 (100 მილიონ 145 ათასი ევრო) მილიონი გირვაქა გადაიხადეს და ეს ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერია.
ლუკაკუ „ჩელსიში“ 2011-14 წლებშიც ირჯებოდა, მაგრამ მაშინ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა „არისტოკრატთა“ მაისურით. იჯარით თამაშობდა ხან „ვესტ ბრომვიჩში“ და ხანაც „ევერტონში.“ მერე იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“ და იტალიური „ინტერი,“ საიდანაც ბელგიელი დიდ ჩემპიონად დაბრუნდა.
„ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტები ლუკაკუს კლუბის კობენის საწვრთნელ ბაზაზე ესაუბრნენ. ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ.
-რომელუ, შვიდი წლის შემდეგ დაბრუნდი კობემში. ბევრი რამ შეიცვალა აქ?
-შენობა უფრო ფართო გახდა. თუმცა ის ყოველთვის მშვენიერი იყო. ძალიან მიხარია დაბრუნება. მოუთმენლად ველი როდის დავიწყებ გუნდთან ერთად მუშაობას.
წეღან ჰაკიმ ზიეში შემხვდა. ცოტა ვისაუბრეთ და ერთმანეთი WhatsApp-ის ჯგუფში დავიმატეთ. ახლა სხვა მოთამაშეებთან შეხვედრას ველი.
-რას იტყვი „კრისტალ პალასთან“ შაბათის გამარჯვების შესახებ? („ჩელსიმ“ გასულ შაბათს პრემიერლიგის პირველ ტურში ლუკაკუს გარეშე „კრისტალ პალასს“ 3:0 მოუგო - რედ)
-შესანიშნავი მოგება იყო. ბურთს ვაკონტროლებდით, მაღალ პრესინგს ვთამაშობდით, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. მოკლედ, არანაირი პრობლემა არ გვქონია. ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ვიმედოვნებ, ამ დონეს შევინარჩუნებთ. პრემიერლიგა ხომ რთული ტურნირია.
-10 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც 18 წლისა „ანდერლეხტიდან“ გადმოხვედი და პირველად მოხვედი კობემში. რა განსხვავებაა მაშინდელ და ახლადელ ლუკაკუს შორის?
-ახლა თავს გაცილებით სრულყოფილად ვგრძნობ. ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი ყველა ის ხერხი შემესწავლა, რაც ძლიერ თავდამსხმელს სჭირდება.
ახლა მინდა გუნდს მოგებებში დავეხმარო და დავრწმუნდე, რომ პარტნიორები ჩემს გვერდით თავს კომფორტულად გრძნობენ.
-ახლა სხვა სიტუაციაა. შენ სერია A-ს გამარჯვებული ხარ და მოდიხარ გუნდში, სადაც ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია.
-ლიდერი ვარ. თუმცა მინდა დავრწმუნდე, რომ სხვები ჩემთან თავს კარგად გრძნობენ. „ინტერშიც“ და მაშინაც როცა ბელგიის ნაკრების კაპიტანი ვიყავი, იგივე განწყობა მქონდა.
ძნელ მომენტში პარტნიორებს შეუძლიათ დამეყრდნონ. ვცდილობ ყოველთვის შევაქო ჩემი თანაგუნდელები და არასოდეს ვიყეფო. პოზიტიურად ვუდგები საკითხს, მთავარი ხომ გამარჯვებაა.
-ესაუბრე მწვრთნელ ტუხელს? როგორ ხედავს ის შენს როლს გუნდში?
-დიახ ვესაუბრე. ყველაფერი გასაგებია. მას უნდა, რომ მე ლიდერი ვიყო. ჩემი როლი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა უნდა მწვრთნელს. თუ მეტყვის ცენტრში ითამაშეო, შევასრულებ. თუ დაცვის დახმარებას დამავალებს, არც ამაზე ვიტყვი უარს. იტალიაში გატარებულმა ორმა წელიწადმა თავდამსხმელის თითქმის ყველა საიდუმლო მასწავლა და ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ.
-გასულ სეზონში „ინტერში“ 30 გოლი გაიტანე. შენთან ერთად „ნერაძურიმ“ ბოლო 11 წელიწადში პირველად მოიგო სკუდეტო. მანამდე რვა სეზონი პრემიერლიგაში გაატარე. რა არის მთავარი განსხვავება ამ ლიგებს შორის?
-იტალიური ლიგა ტაქტიკურად და ტექნიკურად უკეთესია. ინგლისში კი ყველაფერი ინტენსიურობაშია.
მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. აქ რვა წელიწადი გავატარე და ვიცი რაშია საქმე. არ ვარ ახალი მოთამაშე. ბევრი გოლებიც გამიტანია. მაგრამ წარსული წარსულია. ახლა მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ.
ამ წლებში გავიზარდე, ახლა ლუკაკუს ახლი ვერსია ვარ. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ეს მინდორზე უნდა დავამტკიცოთ.
-სოციალურ ქსელებში ვნახეთ, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვს „ლურჯების“ ლეგენდა დიდიე დროგბასთან...
-მასთან ურთიერთობა მთელი სამყაროა ჩემთვის. თითქმის ყოველდღე ვესაუბრები, ჯგუფური ჩათი გვაქვს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი უფრო მეტს ველაპარაკებოდი.
ბევრ კითხვაზე გამცა პასუხი, რადგან ჯერაც ახლო ურთიერთობა აქვს აქაურებთან. ბოლოდროინდელი ამბები ამიხსნა და კარგად მომამზადა. ახლა უფრო ახლოს უნდა გავიცნო მწვრთნელ-ფეხბურთელები.
-რა გეგმები გაქვს უახლოეს დღეებში?
-მზად ვარ. თუმცა ძირითადში მოსახვედრად ამ ვარაუდის დადასტურებაა საჭირო. კვირის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებთ, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვოთ. ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა. ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო მატჩი სტუმრად დიდ გუნდთან, „არსენალთან“ გველის.