ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა. 29 წლის ჩოგბურთელი 1/32 ფინალში იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდა, რომელთანაც კარიერაში პირველად ითამაშა.
ფონინიმ ბასილაშვილს ორ სეტში 7:6, 6:3 აჯობა. მატჩი საათსა და 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და პირველი სეტი ნამდვილად თანაბარი იყო, რომლის ბედი ტრაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც იტალიელმა 7:3 და შესაბამისად სეტი 7:6 მოიგო. აღნიშნულ სეტში ორივე ჩოგბურთელმა ორ-ორი ბრეიკი მიითვალა.
მეორე სეტი ნიკოლოზმა ცუდად დაიწყო, ზედიზედ სამი გეიმი დათმო, მაგრამ მობილიზება შეძლო, მერე თვითონ მოიგო მიჯრით სამი გეიმი და ანგარიში გაათანაბრა (3:3). სწორედ ამ დროს, როცა თითქოს ქართველს უპირატესობა უნდა მოეპოვებინა, ისევ ზედიზედ სამი გეიმი წააგო და მეორე სეტში 3:6 დამარცხდა.
ფონინიმ 8 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა მიითვალა, ხოლო ბასილაშვილის აქტივში 4 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა იყო. ამრიგად, ქართველმა ჩოგბურთელმა ცინცინატის მასტერსზე ასპარეზობა დაასრულა.
ფაბიო ფონინი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:0 (7:6, 6:3)