კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრესკონფერენცია გამართა. მან კლუბში არსებულ მდგომარეობაზე და ფინანსურ სიტუაციაზე ისაუბრა, რომელიც მისი განცხადებით, დრამატული და საგანგაშოა.
„წერილი მივიღე ბართომეუსგან და ყურადღებით წავიკითხე. ის სავსეა ტყუილებით, ეს არის მცდელობა გაამართლოს მისი მუშაობა, რომლის გამართლება არ შეიძლება. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა თავი აარიდოს ბარსელონას რთულ მდგომარეობას. სრულიად არ ვეთანხმები მის მიერ მოყვანილ ციფრებს. მან თქვა, რომ 2019-2020 წლების სეზონის ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არ არის, მაგრამ ის და მისი გუნდი პასუხისმგებელნი არიან ყველაფერზე, რაც კლუბში 2021 წლის 17 მარტამდე ხდებოდა და ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას.
„ბარსელონას“ უარყოფითი ღირებულება 451 მილიოინ ევროა, კლუბის შემოსავლების 103% კი ხელფასებზე მიდის, რაც 20-25%-ით აღემატება ჩვენი კონკურენტების მაჩვენებელს. კლუბის მთლიანი ვალი 1.350 მილიარდი ევროა და ეკონომიკური მდგომარეობა საგანგაშო და დრამატულია. ვიცოდით, რომ სიტუაცია შემაშფოთებელი იყო, მაგრამ მე და ჩემს თანაგუნდელებს „ბარსელონა“ გვიყვარს, ახლა კარგ განწყობაზე ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიღებულია.
მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მას აქვს საკუთარი მიზნები და მისწრაფებები. ჰქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის მნიშვნელოვანი თანხები გადაეხადათ. ჩვენ ვესაუბრეთ მას, მოსალოდნელი იყო, რომ მოლაპარაკებები ნაყოფს გამოიღებდა, მაგრამ ეს არ მოხდა. მესის მაინც პატივს ვცემ. სამწუხაროა, რომ ეს ისტორია დასრულდა, თუმცა მესის შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. სამწუხაროა, რომ მაგრამ ეს აუცილებელი იყო, რადგან კლუბი მთავარია. ახალი ერა იწყება, რომელიც დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება, თუ ერთად ვიქნებით და ფინანსური მდგომაროება გამოსწორდება.
არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც ზოგჯერ მხოლოდ ფეხბურთელები არ არიან. პიკეს „ბარსელონა“ განსაკუთრებულად უყვარს და ის სამაგალითოდ მოიქცა, რასაც ყველა არ აკეთებს. ვიმედოვნებთ, რომ სხვა კაპიტნებიც მიბაძავენ.
ახალმა მენეჯმენტმა პირველად 80 მილიონი ევროს სესხი აიღო, წინააღმდეგ შემთხვევაშ ხელფასებს ვერ გადავიხდიდით. გუნდს ჰქონდა ცუდი სახელფასო პოლიტიკა, რაც ბევრი ზიანი მოგვაყენა. ახალგაზრდებს ჰქონდათ მოკლე კონტრაქტები და ვეტერანებს - ხანგრძლივი. გარდა ამისა, „კამპ ნოუს“ პრობლემები ჰქონდა და რეკონსტრუქციისთვის 1.1 მილიონი ევრო გავიღეთ“, - თქვა ლაპორტამ პრესკონფერენციაზე.