ფეხბურთი

17:20 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნოს ჰეთ-თრიქი და პოგბას 4 საგოლე პასი: "მანჩესტერის" ფანტასტიკური სტარტი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ახალი სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. „წითელმა ეშმაკებმა“ გადაჭედილ „ოლდ ტრაფორდზე“ „ლიდს იუნაიტედი“ 5:1 გაანადგურეს.

„ოცნებათა თეატრი“ პანდემიის პერიოდში პირველად გაივსო და თურმე, როგორ აკლდა ფეხბურთს გულშემატკივარი. დიდებული წარმოდგენა და მაგარი გარემო.

„იუნაიტედმა“ პირველი ტაიმი ბრუნო ფერნანდეშის გოლით მოიგო, მეოერე ტაიმის სტარტზე კი ლუკ ეილინგმა ულამაზესი გოლით გაათანაბრა. თუმცა, 62-ე წუთიდან 68-ე წუთამდე მანკუნიანელებმა 4 გოლი გაიტანეს.

ჰეთ-თრიქი შეასრულა ბრუნო ფერნანდეშმა, რომელიც „მანჩესტერის“ პირველი ფეხბურთელია 1977 წლის შემდეგ, რომელმაც პირველ ტურში სამი გოლი გაიტანა. ამასთან, მე-10 ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ინგლისში სეზონი ჰეთ-თრიქით დაიწყო. თითოჯერ თავი მეისონ გრინვუდმა და ფრედმა გამოიჩინეს. თუმცა, ეს მატჩი პოლ პოგბას ბენეფისი იყო, რომელმაც 4(!) საგოლე პასი მიითვალა. ფრანგი „მანჩესტერის“ ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პრემიერლიგის ერთ თამაშში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და ზოგადად მეოთხე პრემიერლიგის ისტორიაში.

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა სეზონი დიდებულად დაიწყო, თანაც არასრული შემადგენლობით ითამაშა და ნათელია, რომ ამ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია.

„მანჩესტერი“ – „ლიდსი“ 5:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (30), 1:1 ეილინგი (48), 2:1 გრინვუდი (52), 3:1 ბრუნო ფერნანდეში (54), 4:1 ბრუნო ფერნანდეში (60), 5:1 ფრედი (68)

0.196443