ფეხბურთი

16:13 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "მოუთმენლად ველი ახალ სეზონს, რადგან საინტერესოა, როგორ ვითამაშებთ მესის გარეშე"
"მესი თითოეული გულშემატკივრის ტკივილია, მაგრამ წარსულში ცხოვრებას აზრი არ აქვს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლა ლიგაში პირველი ტურის მატჩამდე, რომელსაც მისი გუნდი „სოსიედადის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, პრესკონფერენცია გამართა.

ნიდერლანდელმა სპეციალისთმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა, თუმცა ყველაზე მთავარი გამოწვევა მისთვის, მესის გარეშე თამაშია.

„ზაფხულში ბევრი საუბარი იყო ლიონელ მესის შესახებ. არგენტინელი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში, რაც მან წლების განმავლობაში დაამტკიცა თასების მოგებით. თუმცა, ახლა ის ჩვენთან აღარ არის, მაგრამ ჩვენ სხვა მოთამაშეებიც გვყავს. მესი გვენატრება, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა კლუბისთვის. ის „ბარსელონას“ თითოეული გულშემატკივრის ტკივილია, მაგრამ წარსულში ცხოვრებას აზრი არ აქვს. მოუთმენლად ველი ახალ სეზონს, რადგან საინტერესოა, როგორ ვითამაშებთ ლიონელის გარეშე. ვიმედოვნებ, გულშემატკივარს ისევე სჯერა ამ გუნდის, როგორც მე.

„ბარსელონას“ ჰყავს ძალიან ძლიერი შემადგენლობა, ამიტომ ვეცდებით ახალი შედეგების მიღწევას. გუნდი მზად არის. ჩვენ ჩავატარეთ მაღალი დონის მოსამზადებელი სეზონი და ეს უნდა დაგვეხმაროს უახლოეს მომავალში.

ჩემპიონთა ლიგა ოდნავ განსხვავებული ტურნირია თავისი მიდგომით და ახლა ამ ტურნირზე ფიქრი ნაადრევია. უნდა მოვემზადოთ ჩემპიონატის დაწყებისთვის. არიან გუნდები, რომლებმაც საერთაშორისო დონეზე წარმატებას მსოფლიო ვარსკვლავების გარეშე მიაღწიეს - ეს ფეხბურთია. თუმცა, თავდაჯერებულობა გვმართებს, რის გამოც ლა ლიგის დაწყება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პირველი ტურის მატჩს „ბარსელონა“ შინ, „რეალი სოსიედადის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.113645