კატალონიის „ბარსელონამ“ ერიკ გარსია და მემფის დეპაი სეზონის დაწყების წინ ლა ლიგაში ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამის შესახებ კატალონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
„ბარსამ“ დეპაისა და გარსიას რეგისტრირება მას შემდეგ შეძლო, რაც ჟერარ პიკესთან ხელფასის მკვეთრ შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწია. ამრიგად, ესპანელმა მცველმა სამაგალითო ნაბიჯი გადადგა და მშობლიურ გუნდს დაეხმარა.
„ბარსას“ ვებგვერდი ასევე იტყობინება, რომ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან, რომ ხელფასები შეიმცირონ. მოსალოდნელია, რომ შეთანხმება ამ შემთხვევაშიც შედგება.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს, „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.