იამაიკელმა ჰანსლე პარშმენტმა ოლიმპიური ოქროს მედალი 110 მეტრზე თარჯრბენში მოიპოვა. მაგრამ შემთხვევითობის გამო, შეიძლებოდა ფინლშიც ვერ მოხვედრილიყო. გაჭირვების ჟამს, მას მხსნელი გამოუჩნდა, ვინც ტაქსის ფული მისცა, რათა ოლიმპიურ სტადიონამდე დროულად მისულიყო.
იმ დღეს, პარშმენტი ოლიმპიური სოფლიდან გამოვიდა და ავტობუსით ოლიმპიური სტადიონისკენ გაეშურა, რათა ნახევარფინალში ეასპარეზა. მაგრამ ადგილზე მისვლისას აღმოაჩინა, რომ სტადიონზე კი არა, ოლიმპიურ საცურაო ცენტრში მისულა. ავტობუსით სტადიონზე მისწრება გამორიცხული იყო.
გზაარეულმა ათლეტმა ოლიმპიადის მოხალისე გოგონას ფული სთხოვა და მანაც დაუყოვნებლივ შეუსრულა თხოვნა. იამაიკელი სტადიონზე დროულად მივიდა და არამარტო ფინალში გავიდა, არამედ ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.
შინ გამგზავრების შემდეგ, პარშმენტმა მხსნელს მიაგნო, ნასესხები ფული გადაურიცხა და თავისი მედალიც აჩვენა - ეს შენი წყალობით მოვიპოვეო.
„ეს მოხალისე დავინახე და სხვა გზა არ მქონდა, დახმარება უნდა მეთხოვა. მას ბევრის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მაშინვე მომცა მცირეოდენი თანხა, რათა ტაქსით წავსულიყავი. სწორედ ასე მივაღწიე სტადიონის სავარჯიშო მოედანზე დროულად. გასახურებლად დროც დამრჩა და შეჯიბრისთვის თავისთავად. ეს საოცარია“, - ყვება პარშმენტი.
ნახევარფინალში მან მეორე საუკეთესო დრო დააფიქსირა, რაც ფინალში გასასვლელად ეყო. ფინალში მისი დრო - 13.04 წამი, სეზონში საუკეთესო აღმოჩნდა და რაც მთავარია, მან უკან ჩამოიტოვა მსოფლიო ჩემპიონი, ამერიკელი გრანტ ჰოლოვეი.
მოხალისე გოგონა გაოგნებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ათლეტი, რომელსაც დაეხმარა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფულის დაბრუნების გარდა, ჩემპიონმა გოგონას იამაიკის ნაკრების ჟაკეტი აჩუქა.
მადლობის ნიშნად, იამაიკის ტურიზმის მინისტრმა გოგონა იამაიკაში მიიწვია. „სულერთია, სად იმყოფება. ჩვენ გვინდა, მას მადლობა გადავუხადოთ იმისთვის, რომ ჩვენს ათლეტს დაეხმარა“, - განაცხადა მინისტრმა ედმუნდ ბარტლეტმა.