ფეხბურთი

19:18 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია: "ბელგიაში დაბრუნება ორი მიზეზით გადავწყვიტე"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ბელგიურ „ლიოვენში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, მისი კარიერისთვის ეს იდეალური ნაბიჯი იყო.

„იუპილერ ლიგაში თამაშს მოუთმენლად ველოდები. ბელგიის ნაკრების ბოლო წლებში კარგი შედეგების გამო ბელგიურმა ფეხბურთმა ბოლო წლებში საზღვარგარეთ პრესტიჟი მოიპოვა, რაც უცხოელებს იზიდავს. მიმაჩნია, რომ „ლიოვენი“ ჩემი კარიერისთვის იდეალური ნაბიჯია. იმ ფაქტმა, რომ ბელგიას, როგორც ქვეყანას უკვე ვიცნობ და მწვრთნელთანაც ძალიან კარგი საუბარი მქონდა, გადაწყვეტილებაში დამარწმუნა. „შარლერუასთან“ მატჩი ვნახე და ვიცი, რომ გუნდი 3-4-3 სქემით თამაშობს. ეს განსხვავებული სისტემაა იმისგან, რომელშიც თურქეთის სუპერლიგაში ვთამაშობდი და მომიწევს ადაპტირება, მაგრამ მზად ვარ სიახლისთვის.

18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავედი ევროპაში „ტუბიცეში“ სათამაშოდ. ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, უცხო ქვეყანაში მარტო ვცხოვრობდი. ორი სეზონი გავატარე აქ, შემდეგ სამხრეთკორეაში წავედი და მერე თბილისში დავბრუნდი. 2016 წელს „ლიოვენის“ სტადიონზე“ ვითამაშე? ეს ნამდვილად არ მახსოვდა და არც ის, რომ მაშინ „ტუბიცემ“ მოიგო. იმედი მაქვს, ახლა უფრო მეტი ლამაზი მოგონება მექნება ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად.

თამაშის დროს ფლანგს ვიცვლი, გუნდს თუ დასჭირდება, მარცხნივ თამაში შემიძლია, ასევე მითამაშია 10 ნომრის პოზიციაზე, მაგრამ თუ არჩევანი ჩემზეა, მაშინ მარჯვენა ფლანგზე თამაში მირჩევნია. გასული სეზონის შემდეგ 20 დღე დავისვენე, მერე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ბოლო ორი კვირა კი ქუთაისის „ტორპედოში“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჯერ საუკეთესო კონდიციაში არ ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფორმაში, რაც შეიძლება მალე ჩავდგე.

ზედმეტი აჟიოტაჟი არ მიყვარს. მინდა მშვიდი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ფეხბურთზე აქცენტის გაკეთება შემეძლება. ჩემი მეუღლე პროფესიონალი მომღერალია და ერთი ალბომი უკვე გამოუშვა, მაგრამ ამ დროისთვის მისი კარიერა შეჩერებულია. ის ამერიკულ ჰიპ-ჰოპს ასრულებს, მაგრამ ჩვენი სამშობლოს ტრადიციულ სიმღერებსაც მღერის“, - განაცხადა შენგელიამ.

ლევან შენგელია 2015-2017 წლებში ბელგიური „ტუბიცეს“ ღირსებას იცავდა და ბელგია მისთვის უცხო სულაც არ არის. ამის შემდეგ 25 წლის ჩვენებური სამხრეთ კორეაში, „დაეჟონის“ რიგებში თამაშობდა, ხოლო 2018-2019 წლებში „დინამო თბილისის“ მაისური მოირგო. 2019 წლიდან მან თურქული „ქონიასპორის“ რიგებში ითამაშა და 59 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა. კარიერის საწყის ეტაპზე ლევანს „დილაში“, „ტორპედოსა“ და ფოთის „კოლხეთშიც“ უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ლიოვენი“ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში, იუპილერ ლიგაში თამაშობს და მიმდინარე სეზონში სამი ტურის თავზე მე-16 ადგილზეა, რადგან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა - სამივე ფრე და სამჯერვე 1:1. მეოთხე ტურში კი, 14 აგვისტოს, „გენკს“ დაუპირისპირდება.

0.119811