კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დინამო ბათუმი“ სტუმრად „სივასპორს“ შეხვდება, რომელთანაც შინ 1:2 წააგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
მატჩამდე თურქული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა:
„ისინი ჩვენზე მეტად რიტმში არიან, ეს არის სახიფათო გუნდი, რომელიც სტუმრად ძალიან კარგად თამაშობს და შესაბამის ზომებს მივიღებთ. თუ არ ვიბრძოლებთ, თამაშში 90 წუთი თუ არ დავრჩებით, თუ ჩვენი დისციპლინა დაირღვევა, შეიძლება პრობლემები შეგვექმნას. ჩემი აზრით, ძალიან რთულ და დაძაბულ მატჩს ჩავატარებთ. ყველა ასეთ შეხვედრას ვუყურებთ, როგორც ეროვნულს, ვითამაშებთ ჩვენი ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის და გულშემატკივრებისთვის, რომელთაგანაც ახლა შორს ვართ. მზად ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. კარგად ვიცნობთ „დინამო ბათუმს და მათ ფეხბურთელებს.
ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად, გვაქვს უპირატესობა, მაგრამ ამას არ ამოვეფარებით. ერთადერთი მიზანია გულშემატკივრებს გამარჯვება მოვუტანოთ და ჩვენი ერთადერთი საზრუნავი გამარჯვებაა. ჩემი გუნდის მთელი გულით მჯერა. თუ უეცარი ტრავმები არ იქნება და მხოლოდ ამის მეშინია, მჯერა, ყველა ტურნირზე კარგად ვითამაშებთ“, - თქვა ჩალიმბაიმ.
თურქ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე მარჯვენა მცველი აჰმეტ ოღუზი ახლდა, რომელმაც „დინამო ბათუმთან“ მატჩზე კომენტარი გააკეთა:
„ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ფეხბურთს 22 კვირის განმავლობაში პაუზის გარეშე თამაშობს. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ გვინდა უპირატესობა გამოვიყენოთ, რადგან საკუთარ სტადიონზე ვითამაშებთ. მჯერა, გავიმარჯვებთ წინ წავალთ, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე სივასისთვის“, - აღნიშნა ოღუზმა.
შეგახსენებთ, „სივასპორი“ – „დინამო ბათუმის“ მატჩი 12 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.