ფეხბურთი

13:45 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "პსჟ-ში გადმოსვლამ დიდი ბედნიერება მომანიჭა"

ლიონელ მესიმ „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელი თავდამსხმელი მედიის წინაშე ნასერ ალ-ხელაიფისთან ერთად წარსდგა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„ბარსელონასთან“ დამშვიდობება ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ პსჟ-ში გადმოსვლა დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ახალი ეტაპი იწყება. მინდა მალე დავიწყო ვარჯიში ჩემს ახალ თანაგუნდელებთა ერთად. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ალ-ხელაიფის და ლეონარდოს იმისთვის, რაც გააკეთეს. მათ აქ მომიყვანეს. ჩემი მიზანია ზრდა გავაგრძელო და ტიტულები ამ დიდ კლუბთან ერთად მოვიგო. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ბედნიერები ვიქნებით და ერთად ვიბრძოლებთ მიზნების მისაღწევად.

ნეიმართან და მბაპესთან ერთად თამაში მშვენიერი იქნება, საუკეთესო ფეხბურთელებან ერთად ვითამაშებ და ეს ყოველთვის შესანიშნავია. ძნელია კლუბთან დამშვიდობება, რომელშიც მთელი ცხოვრება გაატარე, მაგრამ ახლა მშვენიერია, რომ ეს ახალი თავგადასავალი მელოდება.

ჩემპიონთა ლიგის მოგება? ეს კლუბი ყოველთვის ძლიერი იყო, მაგრამ ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, რადგან ამის გაკეთება ნამდვილად ძნელია. უნდა იყო ერთიანი გუნდი და მე ჯერ კიდევ არ ვიცნობ გუნდის ატმოსფეროს გასახდელში. გარდა ამისა, საჭიროა ცოტა იღბალი, ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის საუკეთესოები არ იმარჯვებენ, ეს არის განსაკუთრებული შეჯიბრი და ამიტომაც, ყველას სურს მისი მოგება. ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ვფიქრობ, ამისთვის სწორ ადგილას ვარ.

გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ, პარედესს, დი მარიას, ნეიმარს. ისინი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი იყვნენ იმაში, რომ პსჟ ავირჩიე. საფრანგეთის ჩემპიონატს თვალს ვადევნებდი, რადგან აქ ჩემი მეგობრები თამაშობდნენ. ბოლო წლებში ბევრად გაუმჯობესდა მისი დონე, ეს პსჟ-ს წყალობითაც მოხდა, რაც სხვა გუნდებსაც გაძლიერებისკენ უბიძგებს. ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იქნება ლა ლიგაში ამდენი ხნის თამაშის შემდეგ.

რას ვეტყვი „ბარსელონას“ ფანებს? ყოველთვის ვიქნები მათი მადლობელი, იცოდნენ, რომ ძლიერ გუნდში წავიდოდი, რადგან მათ იციან, რომ ყოველთვის გამარჯვება მინდა. თუ „ბარსელონას“ შევხვდებით, ერთი მხრივ კარგი იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ უცნაურიც, ვნახოთ.

როდის შედგება ჩემი დებიუტი? არ ვიცი, ერთთვიანი შვებულება მქონდა, ჯერ ვარჯიში უნდა დავიწყო, მაგრამ მინდა, რაც შეიძლება მალე ვითამაშო. თუმცა, ჯერ კონკრეტული თარიღი არ არსებობს“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში მისი ხელფასი 35 მილიონი ევრო იქნება. არგენტინელი პარიზულ გუნდში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

0.635152