სხვა

3:19 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დოპინგის ეჭვებს ფანტავს

ტოკიოს ოლიმპიადის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ აღმოჩენად, იტალიელი სპრინტერი, ლამონტ მარსელ ჯეკობსი იქცა. მან ჯერ 100 მეტრზე სპრინტი მოიგო, შემდეგ კი ამას 4x100 მეტრზე ესტაფეტის ოქროც დაუმატა.

მაგრამ მედიაში უკვე გამოითქვა ეჭვები იმაზე, რომ ჯეკობსის ასეთი თავბრუდამხვევი წარმატება, შესაძლოა დოპინგის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. თუმცა, ჩემპიონი ამბობს, რომ მას ეს ლაპარაკი არ ადარდებს, რადგან წარმატებას მძიმე შრომით და მონდომებით მიაღწია.

26 წლის ჯეკობსი პირველი იტალიელია, ვინც 100 მეტრზე სპრინტში გაიმარჯვა და თან, ფინალში ევროპის რეკორდიც (9.80 წამი) დაამყარა. ის ამერიკაში დაიბადა და ამერიკელი მამა ჰყავს, მაგრამ დედამ იტალიაში მაშინ წაიყვანა, როცა ჯერ მხოლოდ ერთი თვის იყო.

„ასეთი ისტორიების გავრცელება საერთოდ არ მანაღვლებს. მე ვიცი, რა გამოვიარე ამ შედეგის მისაღწევად. ბევრ რამეზე უარის თქმამ მომიწია. ბევრჯერ წავაგე და გაწბილებული დავრჩი. მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებოდი და ახალი ძალით განვაგრძობდი ვარჯიშს. და თუ ამ ყველაფერს მივაღწიე, მხოლოდ ჩემი მძიმე შრომის ხარჯზე. მათ კი რაც უნდათ, ის დაწერონ“, - „ილ მესაჯეროსთან“ საუბრისას ამბობს ჯეკობსი.

სპრინტერი დასძენს, რომ თავის დიეტოლოგ ჯაკომო სპაცინის მაშინვე დაშორდა, როგორც კი გაიგო, რომ მასზე გამოჩიებაა აღძრული. გამოძიებას კი სტიმულატორების გავრცელებასთან მისი შესაძლო კავშირები აინტერესებს.

„ამაში არ ვმონაწილეობ, რადგან როგორც კი ეს ისტორია გავიგეთ, მასთან თანამშრომლობა შევწყვიტეთ. ჩვენ არ გვეშინია. მითუმეტეს, ეს ადამიანი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომელშიც მისი ბრალეულობა არ ჩანს. საბოლოოდ, მას ბრალი არ დაუმტკიცდა. ამიტომ, ამაზე არ ვღელავთ“, - ამბობს ჯეკობსი.

0.117344