რაგბი

17:04 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსნების" ექიმი ლევან მაისაშვილზე: "ამჟამად პროგნოზის გაკეთება რთულია" (+VIDEO)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექიმმა ნუცა შამათავამ ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი იოჰანესბურგში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შამათავას პროგნოზის გაკეთებაც უჭირს, მაგრამ იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანებში მაისაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„ლევანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა 6 ივლისს. 24 საათში, მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც უტარდებოდა ყველანაირი გამოკვლევა. 8 დღის განმავლობაში მისი მდგომაროება იყო სტაბილური, არანაირი გართულება არ ჰქონდა, ხოლო შემდეგ დაიწყო გართულებები, კერძოდ პნევმონია, რომელიც ვირუსისთვის დამახასიათებელია. დაუზიანდა ფილტვები, რის გამოც საჭირო გახდა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა. ინტუბაციის შემდეგ ლევანი გადაყვანილი იქნა იოჰანესბურგის ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ, Milpark ჰოსპიტალში და ამჟამადაც იქ არის. მას უტარდება ყველა საჭირო ანალიზი და მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც კოვიდის გართულებებისთვის პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

ლევანის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება. მკურნალობის პროცესში პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი და სმხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი. სამწუხაროდ, ამჟამად რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგან კოვიდგართულებების მართვა და პროგნოზირება ძნელია. გვაქვს იმედი, რომ ლევანის მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება“, - თქვა შამათავამ.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი ივლისში, სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ტესტ-მატჩებისთვის იმყოფებოდა.

0.130955