„ინტერის“ ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი, რომელმაც ევრო 2020-ის დროს კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, დიდი ალბათობით ამსტერდამის „აიაქსში“ დაბრუნდება - გვამცნობს Football Italia.
საქმე ის არის, რომ ერიკსენი უკვე შეუერთდა „ინტერის“ ბანაკს და განაგრძობს სარეაბილიტაციო პროცესს. მაგრამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მას თამაში აუკრძალა, რადგან გულში კარდიოსტიმულატორი უდგას.
დანიელი ვარსკვლავი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს, ამიტომ იძულებულია სამუშაო იტალიის საზღვრებს გარეთ ეძებოს.
ამჟამად ერიკსენის წარმომადგენლები „აიაქსთან“ აწარმოებენ მოლაპარაკებას. წყაროს ინფორმაციით, 29 წლის დანიელი უახლოეს ხანში გადაბარგდება ამსტერდამში. „ინტერთან“ კონტრაქტს კი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე შეწყვეტენ.
ერიკსენი „აიაქსში“ 2010-13 წლებში თამაშობდა და 113 მატჩში 25 გოლი გაიტანა.