სხვა

1:44 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ოლიმპიადის რიცხვები

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კვირას დაიხურა. მასზე ბევრი დრამა გათამაშდა, მას არ ჰყავდა მაყურებელი და მასზე არაერთი მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა. სპორტს არაერთი ახალი ვარსკვლავი გამოუჩნდა. ზოგმა კი ოლიმპიადაზე უკანასკნელად იასპარეზა. მოკლედ, ცარიელი ტრიბუნების მიუხედავად, ტოკიოს თამაშები საინტერესო იყო.

და ახლა, მისი სტატისტიკიდან ყველაზე გამორჩეული რიცხვების გაცნობაც შეგვიძლია:

მსოფლიოს 17 რეკორდი

რაც დრო გადის, რეკორდების დამყარება სულ უფრო რთულდება. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ყოველი ახალი რეკორდი, ადამიანს შესაძლებლობის ზღვართან აახლოებს.

ტოკიოს ოლიმპიადაზე, კიდევ ერთმა ფაქტორმა იმოქმედა - კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებამ, ბევრი სპორტსმენი რიტმიდან ამოაგდო. მათ დაძაბული შრომა რამდენიმე თვით მეტხანს მოუწიათ, რაც რა თქმა უნდა, მათს შესაძლებლობებზე აისახა.

და მაინც, ოლიმპიადის დროს, 17 რეკორდი დაფიქსირდა. მათგან 5 რეკორდი ნიჩბოსნობაზე მოდის. სპორტის ამ სახეობაში, იმის გამო, რომ სანიჩბოსნო არხები განსხვავებულია, რეკორდებს სხვანაირად ითვლიან. ამიტომ, მათი რეკორდები არ ითვლება.

მძლეოსნობაზე მხოლოდ სამი რეკორდი მოდის. არადა, ყველა ამბობდა, რომ ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული სპორტული ფეხსაცმელი, სპორტსმენებს შედეგების გაუმჯობესებაში ეხმარება. ექვსი რეკორდი საცურაო აუზში დამყარდა, სამი კი - ველოდრომზე. თითო რეკორდი გაუმჯობესდა სროლასა და დებიუტანტ ალპინიზმში.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ლაშა ტალახაძის სამი რეკორდი, რომლებიც ატაცში, აკვრასა და მათ ჯამში დაამყარა.

ნოლი მაყურებელი

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი არენების ტრიბუნები ცარიელი იყო. საგზაო ველოსპორტის, სპორტული სიარულის და მარათონის შეჯიბრებს მაყურებელი დაესწრო, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მათზე ბილეთები არ გაყიდულა.

ეს დიდი დარტყმაა მასპინძელი ტოკიოსთვის, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ხარჯების ნაწილს გაყიდული ბილეთებით აინაზღაურებდა. თავიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ტრიბუნების ნახევრის შევსების უფლება გაეცათ, მაგრამ საბოლოოდ, ამაზეც უარი თქვეს. მიზეზი, რა თქმა უნდა, პანდემიაა.

იმის გამო, რომ ქვეყანაში და კონკრეტულად ტოკიოში, ათასობით უცხოელი მაყურებელი ვერ ჩავიდა, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესმა ძლიერ იზარალა. „ნომურა რისერჩის“ ანგარიშით, ფინანსური ზარალის მოცულობა 151 მილიარდ იენს (1.4 მილიარდ დოლარს) აღწევს.

11 000 ათლეტი

ტოკიოს თამაშებში, მის 42 არენაზე, მონაწილეობა დაახლოებით 11 000-მა ათლეტმა მიიღო. სულ მედლების 339 კომპლექტი გათამაშდა. სპორტსმენებმა 205 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით იასპარეზეს. ერთი გუნდი კი სხვადასხვა ქვეყნიდან ლტოლვილებისგან დაკომპლექტდა.

ტოკიოს თამაშები, გენდერულად ყველაზე გაწონასწორებული აღმოჩნდა - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ინფორმაციით, თამაშების მონაწილეთა თითქმის ნახევარი ქალი იყო.

მომდევნო თამაშებამდე ექვსი თვეა

იმის გამო, რომ ტოკიოს თამაშები ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ექვსი თვეღა არის დარჩენილი. მას პეკინი უმასპინძლებს, რომელიც გახდება პირველი ქალაქი, სადაც ზაფხულის და ზამთრის თამაშები ჩატარდება. პეკინი ზამთრის თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.

ზაფხულის მომდევნო თამაშების მასპინძელი კი პარიზია, სადაც ოლიმპიადამ სტარტი 2024 წლის 27 ივლისს უნდა აიღოს. სხვათა შორის, პარიზი პირობას დებს, რომ მისი თამაშებისას ენერგიის მხოლოდ განახლებად წყაროებს გამოიყენებენ და არც ნარჩენებს დატოვებენ.

0.113746