შვეიცარიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მურატ იაკინი დაინიშნა. ამის შესახებ ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად იტყობინება.
იაკინიმ, რომელიც თავის დროზე შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი იყო, ვლადიმირ პეტკოვიჩი შეცვალა, რომელმაც ევრო 2020-ის შემდეგ გუნდი დატოვა და კარიერა ფრანგულ „ბორდოში“ გააგრძელა.
მურატ იაკინი ბოლოს „შაფჰაუზენს“ ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე „თუნის“, „ლუცერნის“, „ბაზელის“, „სპარტაკის“, „გრასჰოპერსისა“ და „სიონის“ მწვრთნელი იყო. შვეიცარიის ნაკრებში მან 1994-2004 წლებში 49 თამაშში 4 გოლი გაიტანა.