იტალიურ გამოცემა „კორიერე დელა სერას“ ინფორმაციით, ჩემპ ქარის ორგზის ჩემპიონი და პარაოლიმპიური თამაშების ოთხი ოქროს მედლის მფლობელის, იტალიელი ალექს ძანარდის მდგომარეობა უმჯობესდება. უფრო მეტიც, ექიმები გამოჯანმრთელების სწრაფ პროცესს საოცრებას უწოდებენ.
ძანარდის ინციდენტი შარშან ივნისში მოხდა, როცა ის სამოყვარულო ველორბოლაში, ხელის მართვიანი ველოსიპედით მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს, სატვირთო ავტომობილთან შეჯახება მოუვიდა, რა დროსაც, თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო.
მას შემდეგ, ექიმები ძანარდის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან და როგორც ჩანს, გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწიეს. „კორიერე დელა სერას“ ინფორმაციით, ძანარდის გამოჯანმრთელების პროცესი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ დადებითი შედეგი, თუნდაც უმნიშვნელო, სახეზეა.
ალექსი მეუღლე დანიელას ცნობს, როდსაც ის პალატაში შედის. მას ჯერ ლაპარაკი არ შეუძლია, რადგან ყელში ხელოვნური სასუნთქი აპარატისთვის ჭრილი აქვს გაკეთებული. ძანარდი მეუღლეს მარჯვენა თვალს აყოლებს, რომლის ფუნქციაც აღდგენილი აქვს. მას ესმის მის მიმართ ნათქვამი სიტყვები და ხმებსაც სცნობს.
ავარიის შემდეგ ძანარდის რამდენიმე ნეიროქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს, რა დროსაც, თავის ქალა და სახის ნაწილის ფუნქციები აღუდგინეს. იყო მომენტები, როდესაც გადარჩენის იმედები აღარც ჰქონდათ, მაგრამ ძანარდის დანებება არ სჩვევია.
„თავის ქალის შიგნით, მისი ტვინი ნორმალურ მუშაობას უბრუნდება. დაიწყო ნერვებს შორის კავშირების აღდგენა. რაც შეუძლებლად ჩანდა, რეალობა ხდება. მსოფლიო ჩემპიონი აღდგენაში, თავისი მეორე ევერესტრის დალაშქვრას იწყებს, ევერესტის, რომელიც გზად მეორედ გადაეღობა. და ეს ძალიან ცუდი წლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ამბავია“, - წერს გაზეთის რეპორტიორი კარლო ვერდელი.
ძანარდისთვის პირველი ევერესტი 2001 წელს, გერმანიის ლაუზიცრინგზე მომხდარი კატასტროფა იყო, რომლის დროს მიღებული ტრავმების გამოც, მან ორივე ფეხი დაკარგა. მაგრამ პარაოლიმპიურ სპორტში დაბრუნდა და თამაშები ოთხჯერ მოიგო.
ექიმები ამბობენ, რომ აღდგენის პროცესი ხანგრძლივი იქნება. მაგრამ ძანარდისთვის ეს ჩვეული ამბავია. მან ერთხელ უკვე შეძლო შეუძლებელი და ახლა ამის გაკეთება მეორედ უწევს...