ფეხბურთი

23:11 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ეროვნული ლიგა გამარჯვებით განაახლა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურში „დინამო ბათუმმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

დიდებული თამაში ჩაატარა სტუმართა მეკარემ, ბექა ქურდაძემ, მაგრამ მისი ფენომენალური გარჯა იმერულ გუნდს ქულის მოპოვებაში არ ეყო. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, რომლებიც ტყუპისცალივით ჰგავდა ერთმანეთს და ორივე ავტოგოლი იყო.

მე-16 წუთზე ანდრო გიორგაძემ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში და ბათუმელები დააწინაურა, ხოლო 12 წუთი გაგი მარგველაშვილმა მიითვალ ავტოგოლი და ანგარიში გათანაბრდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქურდაძემ შესვენებამდე არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და „სამტრედია“ პირველი ტაიმის მერე რომ არ გაბედა, გამოცდილი კარის დარაჯის დამსახურება იყო.

ქურდაძე დამაჯერებლად თამაშს მეორე ტაიმშიც აგრძელებდა, თუმცა, ორჯერ ვერაფერი გააწყო. 81-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა შორი მანძილიდან და ამ გოლმა თამაშის ბედი გადაწყვიტა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გიორგი ნიქაბაძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„დინამო ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონატში 46 ქულით ლიდერია და „დინამო თბილისს“ 2 ქულით უსწრებს, ხოლო „სამტრედიას“ 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 10 ქულით ბოლო პოზიციაზე იკავებს.

„დინამო ბათუმი“ – „სამტრედია“ 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 გიორგაძე (16, ა.გ), 1:1 მარგველაშვილი (28, ა.გ) 2:1 მამუჩაშვილი (81), 3:1 ნიქაბაძე (90)

0.126825