სხვა

12:45 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

შეჯამება: ისტორიული შედეგი, ტრაგიკული მარცხი, გმირობა და 10 წაგებული ფინალი მედლისთვის
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების შეჯამება

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელსაც ტოკიომ უმასპინძლა, დასრულდა და საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა. დამოუკიდებლობის პერიოდში ეს იყო ყველაზე შედეგიანი ოლიმპიადა - 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

მართლია, ჯერ კიდევ მიუწვდომელია 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი, როდესაც საქართველო 3 ოქრო მოიპოვა, მაგრამ გაუმჯობესდა რაოდენობრივი შედეგი და 8 მედალი საქართველომ დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოიპოვა. აქამდე საუკეთესო შედეგი 7 მედალი იყო (პეკინსა და რიოში).

უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, შედეგი უკეთესი ყოფილიყო. ქართველებმა ხომ 5 ფინალი წააგეს?! ვაჟა მარგველაშვილმა (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), გურამ თუშიშვილმა (ძიუდო), იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) გადამწყვეტი შეხვედრები წააგეს.

განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო გურამ თუშიშვილის მარცხი, რომელიც ჩეხ ტომაშ კრპალეკთან უპირატესობას ფლობდა და გამარჯვება ნამდვილად შეეძლო, მაგრამ ბოლოს კონტრილეთით დამარცხდა. აღარაფერს ვამბობთ გენო პეტრიაშვილის მარცხზე ამერიკელ გლეიბ დენ სტივესონთან, რომელთანაც ჯერ აგებდა, მერე 8:5-ს იგებდა და ბრძოლის დასრულებამდე 0.3 წამით ადრე გაუშვა გადამწყვეტი ქულა. სწორედ ეს დრო დააკლდა მას სანუკვარ მიზნამდე. ძნელია, სპორტში და მითუმეტეს ჭიდაობაში მსგავსი ტრაგიკული მარცხი გაიხსენო. პრაქტიკულად უკვე ოქროს მედალი (მესამე) საქართველოს ყულაბაში იყო და უკვე ორი დღე გავიდა, მაგრამ ახლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ გენოს მხოლოდ ვერცხლი ერგო.

ფინალების გარდა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლის ფინალი წააგეს - ხუთჯერ. ეთერ ლიპარტელიანს (ძიუდო), ვარლამ ლიპარტელიანს, ტატო გრიგალაშვილს (ძიუდო), რამაზ ზოიძეს (ბერძნულ-რომაულ ჭიდაობა) და სანდრო ბაზაძეს (ხმლით ფარიკაობა) ერთადერთი მოგება დააკლდათ მედლამდე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 11 ქართველ სპორტსმენს მოუწია მედლისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ჩატარება (6 ოქროს ფინალი, 5 ბრინჯაოს ფინალი) და მხოლოდ ლაშა ბექაურმა (ძიუდო) შეძლო გამარჯვება. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ცუდი და უფრო მეტად, დასანანი, გულდასაწყვეტი შედეგია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვერცხლის მედალი ოლიმპიადაზე თავისთავად ცუდი შედეგი არ არის.

ტრიუმფი ძიუდოში - რეკორდი, 4 ფინალი და 6 ნახევარფინალი

იაპონია ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში დომინანტნი იყო, მაგრამ თუ ვინმე შეიძლება მას გვერდით დავუყენოთ, საქართველოა. ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიადაზე დიდებულად იასპარეზეს. თუ აქამდე ძიუდოში მაქსიმუმი 2 მედალი იყოს საქართველოსთვის, ახლა ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა 4 მედალი მოიპოვა (1 ოქრო, 3 ვერცხლი). ვაჟებში 7 წონით კატეგორიიდან ოთხში ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა, 6 კი - ნახევარფინალში. ამას დავუმატოთ ეთერ ლიპარტელიანის შედეგი, რომელიც მეხუთე ადგილზე გავიდა, რაც ქალთა ძიუდოისთვის ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგია.

ლაშა ბექაურმა 28 ივლისს საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. მისი ასპარეზობა ტოკიოში ტრავმის გამო საერთოდ სათუო იყო, მაგრამ ექიმების დამსახურებით 21 წლის ძიუდოისტი ტატამზე გავიდა, სამი შეხვედრა იპონით, 2 ვაზარით მოიგო და ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა. ძიუდოისტებს მანამდე უკვე ჰქონდათ ორი ვერცხლის მედალი, რომლებიც ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ვაჟამ ალბათ მაქსიმუმი გააკეთა და ფინალს უწია, სადაც იაპონელ აბესთან ვერაფერი გააწყო, ხოლო შავდათუაშვილმა ფინალში გასვლა საკმაოდ დამაჯერებლად მოახერხა და იქ შოჰეი ონოსთან 10-წუთიან დრამატულ ფინალში დამარცხდა. ლაშა გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიადაზე ყველა სინჯის მედალი მოიგო - ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო!

ძიუდოში ასპარეზობა მძიმეწონაში ვერცხლის მედლით დავასრულეთ. გურამ თუშიშვილი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მას მთავარი კონკურენტი ტედი რინერიც აღარ ჰყავდა კონკურენტად, რადგან მეოთხედფინალში წააგო, მერე ნახევარფინალში გურამმა მისთვის უხერხული მეტოქე, რუსი ტამერლან ბაშაევი დაამარცხა და ფინალში ლუკაშ კრპალეკს, რომელთანაც მანამდე არასდროს დამარცხებულიყო, გამარჯვებისკენ მიჰყვადა შეხვედრა, მაგრამ ბოლოს კონტრილეთზე მარცხი თავად განიცადა და დასანანად დაკარგა ოქროს მედალი. ნებისმიერ შემთხვევაში მისი გამოსვლა, ისევე როგორც, ზოგადად ძიუდოისტების, უდაოდ დადებითად ფასდება - 1 ოქრო, 3 ვერცხლი.

ძალოსნობა - ოქრო რეკორდებით და გმირული ბრინჯაო

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებიც ძალიან კარგად გამოვიდა ტოკიოში. გიორგი ასანიძის გუნდს ჯამში 4 წარმომადგენელები ჰყავდა და ორმა მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძის ოქროს მედალი წინასწარ დააანონსებული იყო. ლეგენდარული ქართველი სპორტსმენისგან აღარაფერი გვაოცებს და ლაშამ ძალიან დომინანტურად, დამაჯერებლად მოიგო ისტორიული ოქროს მედალი. ისტორიული იმიტომ, რომ ის დამოუკიდებელ საქართველოში ერთადერთი სპორტსმენია, რომელიც უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (თანაც ზედიზედ)! ლაშამ ოქროს მედლის გარდა, ატაცში (223 კგ), აკვრაში (265 კგ) და ორჭიდში (288 კგ) ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდებიც დაამყარა! მოკლედ რომ ვთქვათ, ტალახაძემ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და 4 აგვისტოს საქართველოს ყულაბა მეორე ოქროს მედლით შეავსო.

ლაშამდე საქართველოს გმირული ბრინჯაოს მედალი ანტონ პლესნოიმ შესძინა. მან 96 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ბოლო წონა, რომელიც გადამწყვეტი იყო, ტრავმირებული ფეხით დააფიქსირა. უკრაინელი ძალოსანი, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს, ნამდვილად იყო ტოკიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მედალი ყველაზე დაბალი სინჯის იყო სხვებთან შედარებით. ის, რაც ანტონმა შეძლო, შეუძლებელია არ დაფასდეს და ეს დავიწყებას მიეცეს. ტრავმირებულმა სპორტსმენმა საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა (სხვათა შორის, ერთადერთი ოლიმპიადაზე)! ძალოსნებმა კი საქართველოს ორი მედალი - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო!

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და თავისუფალი ჭიდაობა - უკმარისობის გრძნობა

ჭიდაობაში უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს უკეთესი შედეგები ჰქონია და მეტსაც ველოდით. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 6 წონიდან მხოლოდ ოთხში გვყავდა წარმომადგენელი და პირველივე საშეჯიბრო დღეს მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიმ ფინალს უწია. მან ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ლეგენდარულ ლოპეს ნუნიესთან ვერაფერი გააწყო და კუბელი ზედიზედ მეოთხედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ალბათ, ქაჯაია ერთადერთია, რომლისთვის ამ ეტაპზე ვერცხლის მედალი მართლაც მაქსიმუმი იყო, რადგან ნუნიესის ძლევა წარმოუდგენლად სჩანდა. კლასიკოსებს კიდევ ერთი მედლის შანსი ჰქონდათ, რადგან რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალში გავიდა და იქამდე, ოლიმპიურ ჩემპიონს, წონის მთავარ ფავორიტს დამაჯერებლად მოუგო. თუმცა, რამაზმა ჯერ ნახევარფინალი წააგო და მერე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაშიც მარცხი განიცადა, რითაც მისთვის პირველი ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა.

თავისუფალ ჭიდაობაში, რომ არა გენო პეტრიაშვილი, შეიძლებოდა შედეგი უბრალოდ კატასტროფულად შეგვეფასებინა. დავიწყოთ იქედან, რომ 6 წონიდან მხოლოდ სამში მივიღეთ ლიცენზია და შესაბამისად, საქართველო სამი მოჭიდავით იყო წარმოდგენილი, რაც უკვე იყო იმის მომასწავებელი, რომ ამ სახეობაში ბევრი მედლის შანსი ნაკლებად გვექნებოდა. მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ყველაფრის ჩემპიონია, მას მხოლოდ ოლიმპიური ოქრო აკლია და ძალიან ახლოს იყო მიზანთან - 0.3 წამი დააკლდა. მისი მთავარი კონკურენტი ტაჰა აკგული მეოთხედფინალში დამარცხდა და გენოს გზა გაუმარტივდა, მაგრამ ქართველმა მოჭიდავემ ფინალის დასრულებამდე 8 წამით ადრე 3-ქულიანი, ხოლო 0.3 წამით ადრე 1-ქულიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ალბათ, საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადებზე ის იყო ყველაზე ტრაგიკული და შოკისმომგვრელი წაგება, შეიძლება, ზოგადად სპორტის ისტორიაშიც...

ამრიგად, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოთ თითო და ჯამში 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ალბათ, დადებით შედეგად ვერ ჩაითვლება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჭიდაობაზე!

ახლოს მედლებთან

ტოკიოს ოლიმპიადის პირველივე დღე შეიძლებოდა საქართველოსთვის მედლით დასრულებულიყო. 24 ივლისს, ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე უბრალოდ ბრწყინვალე იყო და ნახევარფინალში გავიდა. მანამდე მან ორი ეგვიპტელი მეტოქე და მერე მეოთხედფინალში რეიტინგის ლიდერი სამხრეთკორეელი ოჰ სანგუკი დაამარცხა. სანდროს ნახევარფინალში ლეგენდარული უნგრელი არონ შილაგი ჰყავდა, მაგრამ მსაჯებმა მას წააგებინეს! 13:13-ზე სანდრომ ქულა მოიპოვა, მაგრამ მსაჯმა ქულა უნგრელს მიანიჭა, არადა ყველამ დაინახა, რომ სანდრომ მეტოქეს დაასწრო. საეჭვო იყო, მანამდე მთელი შეხვედრის განმავლობაში მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილებაც. მოკლედ, ნებსით თუ უნებლიედ, მსაჯებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სანდრო ფინალს მიღმა დარჩენილიყო, ფინალი კი მინიმუმ ვერცხლის მედალს ავტომატურად უდრიდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბაზაძემ მარცხი განიცადა, რადგან ნახევარფინალში მსგავსი უსამართლო წაგების მერე გადაწყობა ვერ მოახერხა.

ზემოთ ვახსენეთ, მაგრამ კიდევ უნდა ვთქვათ ეთერ ლიპარტელიანის შესახებ. ქართველმა ძიუდოისტმა ორი შეხვედრა მოიგო და მერე მეოთხედფინალში განიცადა მარცხი ფრანგ სარა ლეონი სისიკესთან, მერე რეპეშაჟის ნახევარფინალში იმარჯვა და ბრინჯაოს მედლისთვის ფინალში იაპონელ ცუკასა იოშიდასთან წააგო. ეთერს ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა ისტორიულ მედლამდე, მაგრამ ის მხოლოდ 21 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. მისი გამოსვლა ცალსახად დასამახსოვრებელი იყო! ბაზაძისა და ეთერ ლიპარტელიანის გარდა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები ვარლამ ლიპარტელიანმა, ტატო გრიგალაშვილმა და რამაზ ზოიძემ წააგეს.

ტოკიოში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორი წრე გადალახა და მერვედფინალში მომავალ ჩემპიონ ალექსანდერ ზვერევთან ბრძოლაში წააგო. არადა, ქართველ ჩოგბურთელს, ზვერევის ბარიერი რომ დაეძლია, მედლისთვის ბრძოლა თავისუფლად შეეძლო. ნინო სალუქვაძემ ტოკიო უმედლოდ დატოვა, მაგრამ მან ისტორია დაწერა! ის პირველი ქალი სპორტსმენია ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ მეცხრე ოლიმპიადაზე იასპარეზა და მსოფლიო სპორტის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. მედალთან ძალიან ახლოს იყო ძალოსანი ესკერხან მადიევი. მან ტოკიოში ორი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუს მეტოქესთან წააგო. არადა, მადიევს ეს ბრძოლა რომ მოეგო, ნახევარფინალში გადიოდა, რაც ავტომატურად სულ მცირე ბრინჯაოს მედლის ტოლფასი იქნებოდა და იქნებ, უკეთესი სინჯისთვისაც ებრძოლა.

ტოკიოში იყო უსიამოვნო ფაქტებიც. მძლეოსან ბენიკ აბრამიანს დოპინგი აღმოუჩინეს და კვალიფიკაციის შეჯიბრებიდან მოხსნეს. სავარაუდოდ, მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება, ჩვენის მხრივ კი, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი უსიამოვნო ფაქტი არასდროს, მითუმეტეს ოლიმპიურ თამაშებზე აღარ მოხდება.

ასეა თუ ისე, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა - 8 მედალი რაოდენობრივად საუკეთესო შედეგია. არის უკმარისობის განცდა, რაც ბუნებრივია, მაგრამ წარსული აღარ შეიცვლება. ახლა მთავარია მომავალი ოლიმპიადისთვის კარგად და სწორად მომზადება. მითუმეტეს, ახლა დრო უფრო ცოტაა (3 წელი), ვიდრე სტანდარტულად (4 წელი). 2024 წელს ოლიმპიადა პარიზში გაიმართება და საქართველოს დევიზი ასეთი იქნება - უკეთ, ვიდრე ტოკიოში!

ბოლოს, ყველა მედალოსანი გავიხსენოთ და ვთქვათ ისიც, რომ ორივე ოქროს მედალი საქართველოს სახელად ლაშამ მოუტანეს, ორივე ოქროს მედალი საქართველომ ოთხშაბათ დღეს (28 ივლისი, 4 აგვისტო) მოიპოვა.

მედალოსნები: ვაჟა მარგველაშვილი (25 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ლაშა შავდათუაშვილი (26 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ლაშა ბექაური (28 ივლისი, ძიუდო, ოქრო), გურამ თუშიშვილი (30 ივლისი, ძიუდო, ვერცხლი), ანტონ პლესნოი (31 ივლისი, ძალოსნობა, ბრინჯაო), იაკობ ქაჯაია (2 აგვისტო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ვერცხლი), ლაშა ტალახაძე (4 აგვისტო, ძალოსნობა, ოქრო), გენო პეტრიაშვილი (6 აგვისტო, თავისუფალი ჭიდაობა, ვერცხლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109701