სხვა

23:19 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფელიქსმა მე-11 ოლიმპიური მედალი მოიპოვა, ჩოპრამ კი ინდოეთს ოქრო აჩუქა

სპორტის მოყვარულებს ტოკიოს ოლიმპიადა არაერთი მიღწევით დაამახსოვრდებათ, რომელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ამერიკელი სპრინტერის, ელისონ ფელიქსის მიღწევა. 35 წლის ამერიკელმა ტოკიოში ორი, ბრინჯაოს და ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიური მძლეოსნობის ისტორიაში, მეორე ყველაზე წარმატებული ათლეტი გახდა.

ფელიქსზე მეტი, 12 მედალი ირიცხება ლეგენდარული ფინელი მორბენლის, პაავო ნურმის ანგარიშზე, ვინც ეს შორეულ, 1920-იან წლებში შეძლო. ამასთან, ფელიქსმა ერთი მედლით ჩამოიტოვა თავისი ლეგენდარული თანამემამულე კარლო ლუისი. 11 მედლიდან, ფელიქსის მონგარში 7 ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა, რომელიც ტოკიოში, 400 მეტრზე სპრინტში მოიპოვა.

ფელიქსის გარდა, ოქროს მედალოსან ოთხეულში არიან სიდნი მაკლაფლინი, დალილა მუჰამედი (ორივემ 400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოს ძველ რეკორდზე უკეთესი დრო დააფიქსირა და ოქრო და ვერცხლი მოპოვა) და მუ ათინგი, ვინც ოქროს მედალი 800 მეტრზეც მოიგო.

10000 მეტრზე გარბენში, ოქროს მედალს ეთიოპიური წარმოშობის ჰოლანდიელი სიფან ჰასანი დაეუფლა, ვისთვისაც ეს ტოკიოში მოპოვებული მესამე (ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო) მედალია. ჰასანმა მსოფლიოს რეკორდსმენ ლეტესენბეტ გიდისთან უშეღავათო პაექრობაში მიაღწია გამარჯვებას. გიდი ბოლო წრეზე დაიღალა და ბრინჯაოს დასჯერდა, ვერცხლის მედალს კი, ასევე ეთიოპიური წარმოშობის ბაჰრეინელი კალკიდან გეზაჰეგნე დაეუფლა.

„თავიდანვე გუშინდელ გარბენზე ვფიქრობდი. სიღრმეში არ უნდა შევსულიყავი, როგორც გუშინ. აქ მუდმივ სტრესში ვიყავი და ყოველ ღამით კოშმარები მესიზმრებოდა. ახლა კი დასვენების საშუალება მექნება“, - განაცხადა ჰასანმა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა მამაკაცთა შუბის ტყორცნის შეჯიბრი, რომელიც ინდოელმა ნეერაჟ ჩოპრამ მოიგო. თუ რა ფასი აქვს მის გამარჯვებას ინდოეთისთვის, ამაზე სტატისტიკა მეტყველებს: მძლეოსნობაში ამ ქვეყნის წარმომადგენლებს, აქამდე მხოლოდ ორი ვერცხლის მედალი ჰქონდათ მოპოვებული და ისიც, 121 წლის წინათ. უფრო მეტიც, ინდივიდუალურ სახეობებში, ეს უზარმაზარი ქვეყანა ოქროს მედალს სულ მეორედ დაეუფლა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, პეკინის 2008 წლის თამაშებზე, მსროლელი აბჰინავ ბინდრა გახდა.

ჩოპრა პირველივე ცდის შემდეგ დაწინაურდა, მეორე ცდაზე კი შუბი 87.58 მეტრზე გაისროლა. ეს მისთვის გამარჯვების მომტანი ტყორცნა იყო. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს ჩეხები, იაკუბ ვადლეიხი და ვიტეზსლავ ვესელი დაეუფლნენ.

„დაუჯერებელია, ეს სიამაყის მომენტია ჩემთვისაც და ჩემი ქვეყნისთვისაც“, - განაცხადა ჩოპრამ, ვისაც ალბათ ინდოეთში ძეგლს დაუდგამენ და ეს ამას სრულად იმსახურებს.

მამაკაცთა შორის 1500 მეტრზე სირბილში, ნორვეგიელმა იაკობ ინგებრიგსტენმა გაიმარჯვა. მან ბოლო წრეზე გაზარდა ტემპი, უკან ჩამოიტოვა კენიელი ფავორიტი, მსოფლიო ჩემპიონი ტიმოთი ჩერუიოტი და ასპარეზობა ოლიმპიური რეკორდით (3:28.32) დაასრულა.

1992 წლის შემდეგ, რაც ბარსელონას ოლიმპიადაზე, 1500 მეტრი ესპანელმა ფერმინ კაჩომ მოიგო, 20 წლის ინგებრიგსტენი ამ დისტანციის პირველი ევროპელი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

„ადვილია იმ საათების დავიწყება, რომლებსაც ვარჯიშებზე ატარებ. შეჯიბრი ამ საქმის უფრო იოლი და სასიამოვნო ნაწილია. ეს მხოლოდ ჩემი ოქროს მედალი არაა. ეს ჩემს ოჯახს ეკუთვნის. ისინი რომ ჩემთან არ ყოფილიყვნენ, მე აქ ყოფნას და გამარჯვებას ვერ შევძლებდი. და საერთოდ, მორბენალიც არ ვიქნებოდი“, - განაცხადა ნორვეგიელმა, ვისაც ორი ძმა ჰყავს და ორივე ელიტარული მორბენალია.

ჩერუიოტი ვერცხლის მედალს დასჯერდა, ბრინჯაოს მედალი კი ბრიტანელმა ჯოშ კერმა მოიპოვა. ბრიტანეთისთვის ეს 1988 წლის შემდგ, 1500 მეტრზე მოპოვებული პირველი მედალია.

მამაკაცტა შორის 4x400 მეტრზე ესტაფეტაში, ამერიკამ ოქროს მედალი მოიპოვა. მაიკლ ჩერის, მაიკლ ნორმანს, ბრაის დიდმონს და რეი ბენჯამინს რეალური მეტოქეობა ვერავინ გაუწია. ვერცხლს ჰოლანდიელები დაეუფლნენ, რომლებმაც ბოლო წრეზე გადაასწრეს ბოტსვანას. აფრიკული ქვეყნის კვარტეტი ბრინჯაოს დასჯერდა, არადა თავიდან ლიდერობდა კიდეც.

დაბოლოს, რუსმა სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მარია ლასიცკენემ სიმაღლეზე ხტომის ტურნირი მოიგო და თავისი საკარიერო მონაგარი, ოლიმპიური ოქროთი გაამდიდრა. ის 2.04 მეტრ სიმაღლეზე დადებულ თამასას გადაევლო. 2.02 მეტრზე გადახტომით, ვერცხლს ავსტრალიელი ნიკოლა მაკდერმოტი დაეუფლა, უკრაინლმ იაროსლავა მაჰუჩიხმა კი მხოლოდ 2.00 მეტრზე გადახტომა შეძლო და ბრინჯაოს დასჯერდა.

ტოკიოს ოლიმპიადის მძლეოსანთა პროგრამას ხვალ მამაკაცთა მარათონი დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110318