ფეხბურთი

22:12 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარი საუკუნის შემდეგ - „ლესტერმა“ „სიტის“ სუპერთასი არ დაანება

7 აგვისტოს ინგლისში ახალი, 2021-22 წლების საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ქვეყნის სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ და თასის მფლობელი „ლესტერი“ შეხვდნენ. ცხადია, ფავორიტებად „ქალაქელები“ მოიაზრებოდნენ.

მით უმეტეს, ყველა ელოდა ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერის, „სიტის“ 100 მილიონგირვანქიანი შენაძენის, ჯეკ გრილიშის დებიუტს. ყოფილი ასტონვილელი 65-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და დიდი არაფრით გამოუჩენია თავი. თუმცა, კაცი ორი დღეა მანჩესტერშია და მთლად მკაცრადაც ნუ განვსჯით.

თამაშის სიუჟეტი მოსალოდნელი სცენარით წარიმართა, „სიტი“ ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ სახიფათო მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა.

კვანძი ბოლოსკენ, 88-ე წუთზე გაიხსნა, როცა საკუთარ საჯარიმოში ნიდერლანდელი ნათან აკე ნიგერიელ კელეჩი იჰეანაჩოს ეუხეშა. ლანკაშირელმა მსაჯმა, პოლ ტირნიმ პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა თავად დაზარალებულმა - 1:0.

მანჩესტერელებმა გაპროტესტება სცადეს, მაგრამ ამაოდ.

„ლესტერმა“ სუპერთასი თავის ისტორიაში მეორედ მოიპოვა (პირველად 1971 წელს). რეკორდსმენი კი ამ მხრივ, „მანჩესტერ იუნაიტედია,“ – 21 ტიტული.

ინგლისის სუპერთასი

7 აგვისტო. ლონდონი. „უემბლი“

ლესტერი - მანჩესტერ სიტი 1:0

1:0 იჰეანაჩო (88 პენ)

ლესტერი: შმეიხელი, პერეირა, ამარტი, სეიუნჯუ, ბერტრანი (თომასი 78), ნდიდი, ტილემანსი (სუმარე 72), პერესი (ოლბრაიტონი 71), მედისონი (დიუსბერი ჰოლი 71), ბარნსი (იჰეანაჩო 79), ვარდი (დაკა 71)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მანჩესტერ სიტი: სტეფენი, კანსელუ, დიაში, აკე, მენდი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (როდრი 65), პალმერი (ბერნარდო სილვა 74) , მაჰრეზი, ედოზი (გრილიში 65), ფერნან ტორესი (ნაიტი 74)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ბერტრანი (50); დიაში (87), ფერნანდინიო (88)

0.147143