ფეხბურთი

18:13 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ბრაზილიის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია. ფინალში „სელესაო“ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ოქროს მედლის მფლობელის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო. პირველ ტაიმში ბრაზილიას იდეალური შანსი ჰქონდა ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ რიშარლისონმა პენალტი კარს ააცილა. სამაგიეროდ, 45-ე წუთზე სამხრეთამერიკელები მაინც დაწინაურდნენ.

მათეუს კუნიამ საჯარიმოში მცველებს აჯობა და უნაი სიმონი უშანსოდ დატოვა. შედეგად, ბრაზილიელებმა ტაიმი მოიგეს. ესპანეთს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა, მაგრამ 61-ე წუთზე მაინც გაათანაბრეს. მიკელ ოიარსაბალმა დაცვაში შექმნილი სივრცით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა.

ძირითად დროში არაფერი შეცვლილა და ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა, რომელშიც ბრაზილია ისევ უკეთესი იყო. 108-ე წუთზე მალკომი შეიჭრა საჯარიმოში და საჩემპიონო გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიას 2016 წლამდე ოლიმპიადა არასდროს ჰქონდა მოგებული, მაგრამ ახლა უკვე ზედიზედ ორჯერ შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება.

აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში გუშინ მექსიკამ იაპონია 3:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბრაზილია - ესპანეთი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კუნია (45), 1:1 ოიარსაბალი (61), 2:1 მალკომი (108)

0.115912