ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. იტალიური გრანდის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი და სპორტული დირექტორი ფედერიკო კერუბინი კონტინასაში არგენტინელის აგენტ ხორხე ანტუნს შეხვდნენ.
შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა და ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ ორივე მხარეს აქვს სურვილი, რომ კონტრაქტი გაფორმდეს და მომდევნო კვირაში ისინი ერთმანეთს კიდევ შეხვდებიან.
„იუვენტუსი“ მზადაა დიბალას კონტრაქტი, რომელიც 2022 წელს იწურება, 2025 წლამდე გაუფორმოს, 2026-წლამდე განახლების ვარიანტით. ხელფასის სახით კი 27 წლის შემტევს სეზონში 8 მილიონ ევროს სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 254 მატჩში 100 გოლი გაიტანა, 41 საგოლე პასი შეასრულა, ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, ოთხჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი.