კალათბურთი

10:48 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა

აშშ-ს ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამერიკელებმა ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 87:82 აჯობეს და ზედიზედ მეოთხედ მოიგეს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი.

ეს გუნდები ტოკიოში ფინალამდე ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, პირველივე ტურში და მაშინ ვინსენ კოლეს გუნდმა მეტოქის დამარცხება მოახერხა, თუმცა მეორედ, გაცილებით მნიშვნელოვან შეხვედრაში იგივე ვერ გააკეთა. მთელი თამაში დაძაბული იყო და განსაკუთრებული უპირატესობა ამერიკელებს არ ჰქონიათ, თუმცა, მცირე უპირატესობა, რომელიც ჰქონდათ, შეინარჩნეს და ზედიზედ მეოთხედ ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.

გრეგ პოპოვიჩის გუნდში საუკეთესო კევინ დურანტი იყო, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო, ჯეისონ ტეიტუმის აქტივში 19 ქულაა, ხოლო დამიან ლილარდმა და ჯრუ ჰოლიდეიმ 11 ქულა მიითვალეს. საფრანგეთის ნაკრებში რუდო გობერმა და ევან ფურნიემ 16-16 ქულა მიითვალეს, ნანდო დე კოლოს აქტივში კი 12 ქულაა.

ამრიგად, ამერიკის ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ერგო, ხოლო საფრანგეთს - ვერცხლი. ბრინჯაოს მედლისთვის კი დღეს ავსტრალიისა და სლოვენიას ნაკრებები დაუპირისპირდებიან. აქვე გეტყვით, რომ აშშ-ს საკალათბურთო ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონი მე-16-ედ გახდა.

საფრანგეთი - აშშ 82:87 (18:22, 21:22, 24:27, 19:16)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117566