ჭიდაობა

15:45 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო წამზე დაკარგული ოქრო: გენო პეტრიაშვილმა დრამატულ ბრძოლაში წააგო

ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში უდრამატულეს ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველმა ფალავანმა ამერიკელ გეილ დენ სტივესონთან ბოლო წამზე წააგო...

პეტრიაშვილმა პირველი პერიოდი 0:4 წააგო, მაგრამ მეორე პერიოდში შესანიშნავად ჭიდაობა და 8:5 დაწინაურდა. ამ ანგარიშს გენო შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე ინარჩუნებდა, ხოლო ბოლო წამზე ქართველის უპირატესობა ერთქულიანი იყო (8:7). მიუხედავად ამისა, გენომ ანგარიში ვერ შეინარჩუნა, ზედ ბოლო წამზე მან ორი ქულა მიითვალა, ქართველებმა ჩელენჯი აიღეს, რომელიც წააგეს და საბოლოოდ სტივესონმა 10:8 მოიგო. ამრიგად გენოს ვერცხლის მედალი ერგო, რაც მისთვის ოლიმპიადაზე მეორე მედალია რიოში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ.

აქვე გეტყვით, რომ ფინალამდე ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭიდავემ მერვედფინალში ეგვიპტელი ქამალ აბდელმოტალები აშკარა უპირატესობით 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგის აჯობა. პირველივე პერიოდში გენომ 4 ქულა მოიპოვა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, გამოცდილ მეტოქეს 5:2 აჯობა. ნახევარფინალში პეტრიაშვილი 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და პირველი პერიოდი საკმაოდ ცუდად ჩაატარა, რის შედეგადაც ანგარიშში 0:3 ჩამორჩა. თუმცა, მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა დიდებულად იჭიდავა, ზედიზედ 6 ქულა მოიპოვა და მეტოქეს 6:3 სძლია, რის შედეგადაც ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის 8 მედალია. ოქროს ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები ვაჟა ვარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა, იაკობ ქაჯაიმ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა. საქართველოსთვის 8 მედალი რაოდენობრივად ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შედეგია. მანამდე 7 მედალი იყო რეკორდი 2008 წელს პეკინის და 2016 წელს რიოს ოლიმპიადებზე.

პეკინის ოლიმპიადა (2008) - 7 მედალი, 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

რიოს ოლიმპიადა (2016) - 7 მედალი, 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

ტოკიოს ოლიმპიადა (2020) - 8 მედალი, 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.

თუმცა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა ჯერ არ დასრულებულა და საქართველოს შეუძლია მედლების რაოდენობით სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსიროს.

0.344101