ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაერთო, რომელმაც მერვედფინალური ბარიერი დაძლია, მაგრამ მეოთხედფინალში მარცხი განიცადა.
პირველ შეხვედრაში ოდიკაძე ირანდელ მოჰამადჰოსეინს მოჰამადიანს დაუპირისპირდა და 6:3 აჯობა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ელიზბარი შეხვედრის მიწურულამდე 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ მერე 6 ქულა აიღო და მოიგო.
მეოთხედფინალში ელიზბარი წონის ლიდერს, რუს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მეტოქემ აშკარა უპირატესობით 10:0 მეორე პერიოდის დასაწყისში იმარჯვა.
სადულაევი ნახევარფინალშია, სადაც აშკარა ფავორიტია და თუ ფინალში გავა, ოდიკაძეს რეპეშაჟში გაიყოლებს. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ქართველი ფალავანი 7 აგვისტოს აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს დაუპირისპირდება, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონია, გარდა ამისა, 2011 წლის მსოფლიოს, 2019 წლის ევროპის ჩემპიონი და 2019 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, ასე რომ ძალზე ტიტულოვანი მოჭიდავეა.
რეპეშაჟის შეხვედრები 7 აგვისტოს გაიმართება, მანამდე კი დღეს, დაახლოებით 15:15 საათზე, ხალიჩაზე გენო პეტრიაშვილი გავა, რომელიც 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ამერიკელ გეიბლ დენ სტივესონს შეხვდება.