უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმმა“ თურქულ „სივასპორს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
გია გეგუჩაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა და არათუ წაგებას, მოგებასაც იმსახურებდა, მაგრამ მატჩის ბოლო 15 წუთში თამაშის ჩარხი დატრიალდა. ბათუმელებს პირველ ტაიმში ჰქონდათ რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში გახსნეს.
54-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სტანდარტულებს ძალიან მაგრად ასრულებს და საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. მალევე ჯოვინოს ანგარიშის გაორმაგება შეეძლო, მაგრამ ვერ შეაგდო.
აი, 75-ე წუთზე კი თურქების პრაქტიკულად პირველივე სახიფათო შეტევა გლით დასრულდა და ჯეიმსმა ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სივასელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს. დინამოს დაცვა ჩავარდა. კაიოდემ ერთ ეპიზოდში ორჯერ დაარტყა ძალიან ახლო მანძილიდან. პირველ მომენტს ლაზარე კუპატაძე მაგარი სეივით გაუმკლავდა, მაგრამ დამატებაზე დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა.
გეგუჩაძის გუნდს 1 წუთი რჩებოდა და შეუტია, სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ გიორგი ნიქაბაძის დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია და „დინამო ბათუმი“ დამარცხდა.
თუმცა, ჯერ დაკარგული არაფერია, წინ საპასუხო მატჩია, რომელიც თურქეთში 12 აგვისტოს გაიმართება და პლეი-ოფის საგზურის მფლობელის ვინაობაც იქ გაირკვევა.
„დინამო ბათუმი“ – „სივასპორი“ 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (54), 1:1 ჯეიმსი (75), 1:2 კაიოდე (90)