საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია. ვინსენ კოლეს გუნდმა უდრამატულეს ნახევარფინალში სლოვენიას 90:89 მოუგო.
შეხვედრა, როგორც მოლოსადნელი იყო, დაძაბული გამოდგა და ორივე გუნდმა ძალიან მაღალი დონის კალათბურთი აჩვენა. პირველი ტაიმი სლოვენიამ ორი ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ მესამე პერიოდში საფრანგეთმა შესანიშნავიად ითამაშა, 29:21 იმარჯვა და დასკვნითი მეოთხედის წინ 6-ქულიანი უპირატესობა მიიღო. სწორედ ამ ათწუთეულში მოპოვებული ჰანდიკაპი გამოდგა გადამწყვეტი, რადგან ბოლო მეოთხედი სლოვენიელებმა 24:19 კი მოიგეს, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ.
ყველაფერი ბოლო წამზე გადაწყდა. იქამდე, საფრანგეთი 4 ქულით, 90:86-ს იგებდა, როცა უწყინარ სიტუაციაში შეტევაში ევან ფურნიე დაჯარიმდა, რაც მისთვის მეხუთე ფოლი იყო და თამაშს გამოეთიშა, ხოლო სლოვენიას შეტევის შანსი მიეცა, რომელიც კლემენ პრეპელიჩმა 3-ქულიანი დაასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ამ ქულებამდე პრეპელიჩმა ორი ისროლა, მხოლოდ ერთი გამოიყენა, არადა ორივე რომ ჩაეგდო, რამდენიმე წამში ჩაგდებული სამქულიანით ანგარიშს გაათანაბრებდა.
პრეპელიჩს მაინც შეეძლო გმირობა, რადგან ბოლო წამზე სამწამიანიდან ორქულინის ჩაგდება სცადა, რაც სლოვენიას 91:90-ს დააწინაურებდა და ფინალში გავიდოდა, რადგან საფრანგეთს უბრალოდ დრო აღარ დარჩებოდა, მაგრამ პრეპელიჩს ნიკოლა ბატუმმა დაუფარა და ფრანგი კალათბურთელი მატჩის გმირი გახდა. ამ ბლოკ-შოტით ბატუმმა საფრანგეთი ფინალში გაიყვანა, ხოლო სლოვენია ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გაგზავნა.
საფრანგეთის ნაკრებში 25 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით ნანდო დე კოლო გამოირჩა, ევან ფურნიემ23 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო ნიკოლა ბატუმმა მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო, მაგრამ სამაგიეროდ, 4 დაფარება მიითვალა და მათ შორის, ერთი როდის, რა მომენტში და რა მნიშვნელობის?!
სლოვენიის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მაიკ ტობი იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა, ხოლო ლუკა დონჩიჩმა 16 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და 18 პასი(!) მიითვალა და სამმაგი დუბლი შესრულა. თამაში ჩაუვარდა ზორან დრაგიჩს, რომლის აქტივში ერთადერთი ქულა იყო, ხოლო კლემენ პრეპელიჩმა 17 ქულა დააგროვა და კიდევ ორი რომ ჩაეგდო, მისი გუნდი ფინალში იქნებოდა...
7 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის სლოვენია ავსტრალიას, ხოლო საფრანგეთის ნაკრები აშშ-ს ფინალში დაუპირისპირდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ საფრანგეთი და ამერიკა ქვეჯგუფში ერთად იყვნენ და პირველივე ტურში შეხვდნენ. მაშინ ფრანგებმა ამერიკელების დამარცხება (83:76) მოახერხეს და საინტერესოა თუ შეძლებენ იგივეს გამეორებას გაცილებით მნიშვნელოვან შეხვედრაში...
საფრანგეთი - სლოვენია 90:89 (27:29, 15:15, 29:21, 19:24)