სხვა

2:33 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

400 მეტრზე თარჯრბენში ისევ რეკორდი დამყარდა

...ოღონდ, ამჯერად ქალთა თარჯრბენზეა საუბარი, რომელიც ამერიკელმა სიდნი მაკლაფლინმა დაამყარა. და რა თქმა უნდა, ოქროსაც ის დაეუფლა. მამაკაცთა შორის 200 მეტრზე სპრინტში კანადელმა ანდრე დე გრასემ გაიმარჯვა, რომელმაც ორ ამერიკელ მეტოქეს აჯობა. 800 მეტრზე მამაკაცთა გარბენში, პირველი ორი ადგილი კენიელმა მორბენლებმა დაიკავეს.

დე გრასე წლების განმავლობაში, ლეგენდარული უსაინ ბოლტის ჩრდილში იყო და დაბალი რანგის მედლებს (ექვსი ბრინჯაო და ორი ვერცხლი) აგროვებდა. მაგრამ ბოლტი წავიდა და ყველას, მათ შორის კანადელსაც შანსი მიეცა. დე გრასემ უკან ჩამოიტოვა ამერიკელი ნოა ლაილსი და ფინიში 19.62 წამში გადაკვეთა, რაც კანადის რეკორდი და მსოფლიოში ყველა დროის მერვე საუკეთესო დროა.

„2016 წელს მე გამოუცდელი ბავშვი ვიყავი, აქ კი მედლებთან დაკავშირებით, გარკვეული იმედები მქონდა. მინდოდა, მსოფლიოსთვის მეჩვენებინა, რომ ტრავმები უკან დავტოვე და ოქროს მოპოვება შემიძლია“, - განაცხადა ახალმა ჩემპიონმა.

დე გრასემ სამი ამერიკელი ჩამოიტოვა - კენ ბედნარეკი, ლაილსი და 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი ერიონ ნაითონი. სხვათა შორის, ამერიკელი სპრინტერები ამ დისტანციაზე ოქროს მოპოვებას 2004 წლის შემდეგ ვერ ახერხებენ.

800 მეტრზე ოქროს მედალს კენიელი ემანუელ კორირი დაეუფლა, მისი თანამემამულე ფერგუსონ როტიჩი კი ვერცხლს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ აფრიკელები ამ დისტანციას ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაა, არავის უთმობენ.

ქალთა შორის 3000 მეტრზე სტიპლჩეიზში გამარჯვება უგანდელმა პერუთ ჩემუტაიმ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი უგანდელი ქალი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლო.

ფინიშამდე ორი წრე რჩებოდა, როცა ამერიკელმა კორტნი ფრერიხსმა ფეხს აუჩქარა და დაწინურება სცადა, მაგრამ ჩემუტაიმ ბოლო 250 მეტრზე შეძლო მისი გასწრება და გამარჯვებასაც მიაღწია. ფრერიხსი ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაო კი კენიელმა ჰივინ კიენგმა მოიპოვა.

საინტერესოა, რომ აქამდე უგანდას ოლიმპიადებზე (1972 და 2012 წლებში) მხოლოდ ორი ოქრო ჰქონდა მოპოვებული და ორივე მამაკაცთა ანგარიშზეა.

ნორვეგიელი კარსტენ ვარჰოლმის მიერ რეკორდის დამყარებიდან ერთ დღეში, 400 მეტრზე თარჯრბენში ისევ მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ამჯერად გამარჯვებული ამერიკელია - სიდნი მაკლაფლინი, ვინც გამორჩეული ფავორიტი იყო. 21 წლის მაკლაფლინმა ფინიშს 51.46 წამში მიაღწია და თავისივე რეკორდი (51.90) გააუმჯობესა, რომელიც ამერიკის ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირზე დაამყარა.

მაკლაფლინმა უკან მოიტოვა თანამემამულე დალილა მუჰამადი, ვინც ბოლო ბარიერის შემდეგ ლიდერი იყო და რეკორდული გრაფიკით მირბოდა, მაგრამ ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაოს მედალი კი ჰოლანდიელმა ფემკე ბოლმა მოიპოვა.

პოლონელმა ვოიცეხ ნოვიცკიმ უროს ტყორცნაში გამარჯვების შანსი არავის დაუტოვა. 82.52 მეტრზე გატყორცნილმა (პირადი საუკეთესო შედეგი) ურომ ოქროს მედალი მოაპოვებინა. ამგვარად, პოლონეთმა უროში მეორე ოქროც მოიპოვა - ქალთა შორის საუკეთესო ანიტა ვლოდარჩიკი იყო.

ჰოლანდიელმა სიფან ჰასანმა 1500 მეტრზე სირბილში ფინალის საგზური მოიპოვა. მას უკვე მოგებული აქვს 5000 მეტრზე გარბენი, მოგვიანებით კი 10000 მეტრზეც იასპარეზებს, სადაც ასევე ფავორიტი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156743