ბერძენმა მილტიადის ტენტოგლუმ მამაკაცთა შორის სიგრძეზე ხტომაში, დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა. მისთვის ოქროს მედლის მომტანი გამოდგა ბოლო ცდა, რომელზეც 8.41 მეტრზე გადახტა და უკან მოიტოვა კუბელი ხუან მიგელ ეჩევარია, ვინც ბოლო მომენტამდე ლიდერი იყო.
ტოკიოს ოლიმპიადამდე, ტენტოგლუს სეზონის საუკეთესო შედეგი - 8.60 მეტრი ეკუთვნოდა. მაგრამ ოლიმპიური შეჯიბრის დროს, ერთხანს სამეულს მიღმა რჩებოდა.
მერე კი 8.15 მეტრზე გადახტა და დაწინაურდა. ამ დროს, კუბელის ნახტომი 8.09 მეტრი იყო. შემდეგ ეჩევარია 8.41 მეტრზე გადახტა და ბერძენის ბოლო ნახტომამდე, ის ლიდერად რჩებოდა. მაგრამ ტენტოგლუმ ბოლო ცდაზე ზუსტად 8.41 მეტრზე გადახტომა შეძლო. და რამდენადაც მეორე საუკეთესო შედეგი უკეთესი ჰქონდა, ჩემპიონიც ის გახდა. ბრინჯაოს მედალს კიდევ ერთი კუბელი, მაიკელ მასო დაეუფლა.
„საოცარი შეჯიბრი გვქონდა. საოცარი ბოლო ნახტომი იყო. სტარტზე რაღაც ვერ წამივიდა. მაგრამ ბოლოს მაინც შევძელი. მე ყოველთვის მაქვს ხოლმე რეზერვი. და ის დღეს გამოვიყენე“, - განაცხადა ჩემპიონმა.
საინტერესოა, რომ 30 წლის წინათ, ამავე სტადიონზე, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა, მაიკ პაუელსა და კარლ ლუისს შორის ასეთივე დაძაბული პაექრობა გაიმართა, რომელიც პაუელის მიერ მსოფლიო რეკორდის (8.95 მეტრი) დამყარებით დასრულდა.
ქალთა შორის 100 მეტრზე თარჯრბენში, ოქროს მედალს პუერტო რიკოელი ჟასმინ კამაჩო-ქვინი დაეუფლა. მან ნახევარფინალში ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა და ფინალში ფავორიტად გავიდა. გადამწყვეტ გარბენში, მან ფინიშს 12.37 წამში მიაღწია და უკან მოიტოვა მსოფლიო რეკორდსმენი, ამერიკელი კენდრა ჰარისონი (12.52). ბრინჯაოს მედალს იამაიკელი მეგან ტაპერი (12.55) დაეუფლა.
„თავიდან მსოფლიო რეკორდზე მივდიოდი, მაგრამ შემდეგ ბარიერს წამოვედე. თუმცა ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. მთავარია, რომ ოქროს მედალი მოვიპოვე. ეს ჩემი პირველი ოქროს მედალია“, - განაცხადა კამაჩო-ქვინმა.
ჰარისონმა რიოს თამაშების საგზური ვერ მოიპოვა, თუმცა ოლიმპიადის შემდეგ, მალევე დაამყარა მსოფლიო რეკორდი. ის თავისი ვერცხლის მედლით კმაყოფილი დარჩა. „რიოში ვერ წავედი, აქ კი ჩემი ქვეყნისთვის მედალი მოვიპოვე. ამაზე ბედნიერი ვერც ვიქნებოდი“, - განაცხადა ამერიკელმა.
ქალთა შორის 200 მეტრზე სპრინტში, ფინალის საგზური ხელიდან გაუშვა იამაიკელმა შერიკა ჯეკსონმა, ვინც 100 მეტრზე ბრინჯაოს დაეუფლა და 200-ზეც ფავორიტთა შორის უნდა ყოფილიყო. მაგრამ წინასწარი გარბენისას, მეტისმეტად ადრე უკლო ტემპს და სამეულს მიღმა დარჩა. მისგან განსხვავებით, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ მისი თანამემამულეები - მოქმედი ჩემპიონი და 100 მეტრზე ახალი ჩემპიონი ელეინ თომპსონ-ერა და ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი შელი-ენ ფრეეიზერ-პრაისი, ვინც 100 მეტრზე ვერცხლს დასჯერდა.
ქალთა შორის ბადროს ტყორცნაში, ამერიკელმა ვალერი ალმანმა გაიმარჯვა, ვინც ბადრო ყველაზე შორს, 68.98 მეტრზე გაისროლა. მან ამერიკას ტოკიოს მძლეოსანთა ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. გერმანელმა კრისტინ პუდენცმა (66.86 მეტრი) მოიპოვა, ბრინჯაოს კი კუბელი იაიმე პერესი (65.72) დაეუფლა.