სხვა

0:35 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიფან ჰასანმა შეუსრულებელი მისიის პირველი ნაწილი შეასრულა
ამაში მას ყავა დაეხმარა

ჰოლანდიელ სიფან ჰასანს ტოკიოს ოლიმპიადაზე რთული მისია აქვს - სამ დისტანციაზე, 1500, 5000 და 10000 მეტრზე გამოსვლას გეგმავს. და სამივეში გამარჯვებას ისახავს მიზნად. დღეს მან ამ „შეუსრულებელი“ მისიის პირველი ნაწილი დააგვირგვინა, 5000 მეტრზე გაიმარჯვა.

ეთიოპიური წარმოშობის საშუალო დისტანციებზე მორბენალმა ახლახანს დაადასტურა, რომ 5000 და 10000 კილომეტრთან ერთად, ტოკიოში 1500 მეტრზეც იასპარეზებს. ის განაცხადში ისედაც იყო, მაგრამ ბევრი ვარაუდობდა, ყველაზე მოკლე დისტანციიდან მოეხსნებოდა.

დღეს ამ დისტანციაზე წინასწარი გარბენის დროს, 28 წლის ჰასანი ბოლო წრეზე წასვლის წინ, დაეცა და ახლოს იყო გავარდნასთან, მაგრამ მაინც შეძლო შემდგომ ეტაპზე გასვლა. შემდგომში კი, ძლიერი წვიმის შემდეგ, ოდნავ დასველებულ ტრეკზე, პირველ ოქროსაც დაეუფლა.

„ვერ ვიჯერებ. ამ დილით მთელი ჩემი ენერგია გამოვიყენე და ცოტა დავიღალე. არც მჯერა, რაც მოხდა. საშინელება იყო, როცა ფეხი გამიცურდა. ამის შემდეგ, თავს საშინლად ვგრძნობდი და არც მეგონა, თუ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდებოდი“, - განაცხადა სიფანმა, ვინც 1500 და 10000 მეტრზე მსოფლიოს ჩემპიონია.

სიფანმა წაქცევის შემდეგ, დარჩენილი მანძილი ფაქტობრივად სპრინტის რეჟიმში გაირბინა და ფინიშს პირველმა მიღწია. რაც მთავარია, მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლება მოიპოვა. მოგვიანებით, 5000 მეტრზე ფინალში დაღლილი გავიდა და თითქმის მთელი მანძილი, ჯგუფში ირბინა. თუმცა ბოლო წრეზე კი აუჩქარა და ფინიშთან პირველმა (14:36.79) მიირბინა. სიფანისთვის ეს პირველი ოლიმპიური ოქროა.

სიფანი ამბობს, რომ თავისი პირველი ოქრო, ყავის დალევამ მოაპოვებინა: „საოცარი დღეა. დაცემის შემდეგ, მეტისმეტად ბევრი ენერგია დავხარჯე. ფეხებში ძალა აღარ მქონდა. ამ გარბენის წინაც ძალიან დაღლილი ვიყავი. ყავის გარეშე, ოლიმპიური ჩემპიონი ვერ გავხდებოდი“.

კენიელი ჰელენ ობირი, ვინც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და რიოში ვერცხლი აქვს მოპოვებული, ამჯერადაც ვერცხლს (14:38.36) დასჯერდა. ბრინჯაოს მედალი კი ეთიოპიელმა გუდაფ ცეგაიმ მოიპოვა, ვისაც ამ სეზონში საუკეთესო დრო (14:13.32) აქვს დაფიქსირებული.

ჰასანი ახლა მთელ ყურადღებას 1500 მეტრზე გადაიტანს. 10000 მეტრზე გამოსვლა კი შაბათს უწევს.

0.113334