სხვა

23:09 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრეკი მსოფლიო რეკორდებით და ჩინელთა გამარჯვებით გაიხსნა

სატრეკო ველოსპორტის პირველი ოლიმპიური დღე, ჩინელთა ტრიუმფით დასრულდა. მათმა წყვილმა, რომელშიც ბაო შანჯუ და ჟონ ტიანში ასპარეზობენ, ქალთა შორის გუნდურ სპრინტში, ჯერ პირველ ეტაპზე, თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ფინალში კი გერმანიას აჯობა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ქალთა შორის გამოდევნებით რბოლაში, გერმანიის ოთხეულმა მსოფლიოს ის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ბრიტანეთს რიოს თამაშებზე ჰქონდა დამყარებული. ფრანცისკა ბრაუსემ, ლიზა ბრენაუერმა, ლიზა კლაინმა და მიეკე კროეგერმა 16 წრე (იზუს ტრეკის თითო წრის სიგრძე 250 მეტრია) 4 წუთსა და 07.307 წამში გაიარეს და წინა რეკორდი თითქმის სამი წამით გააუმჯობესეს.

„ვარჯიშისას შევნიშნეთ, რომ ტრეკი საკმაოდ სწრაფია. ჩვენ კი კარგ განწყობაზე ვართ და ერთად ჰარმონიულად ვმუშაობთ. ამიტომ, რეკორდის იმედი გვქონდა“, - ნარბოლევს განაცხადა კროეგერმა.

მოქმედი ჩემპიონი ბრიტანეთი ბოლო გუნდი იყო, რომელმაც კვალიფიკაციაში იასპარეზა და ისე ჩანდა, რომ რეკორდის დაბრუნებაც შეეძლო. 3000-მეტრიან ნიშნულზე, ისინი ახალი რეკორდის გრაფიკს წამზე მეტს უგებდნენ. მაგრამ შემდეგ ტემპი დააგდეს და 4:09.022-ს დასჯერდნენ. ეს მათ მიერ რიოში დამყარებულ რეკორდზე (რომელიც აშშ-სთან ფინალში დაამყარეს) უკეთესია, მაგრამ გერმანელთა დროზე უარესი.

ბრიტანეთს, რომლის რიგებშიც, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლორა კენიცაა, მომდევნო ეტაპზე, აშშ დაუპირისპირდბა, რომელმაც ასევე ძველ რეკორდზე უკეთესი დრო დააფიქსირა. მეოთხე უსწრაფესი გუნდია იტალია ვისაც გერმანიასთან დაპირისპირება უწევს.

რაც შეეხება ქალთა გუნდური სპრინტის ფინალს, აქ ოლიმპიური ჩემპიონი ჩინეთი, მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას (ემა ჰინცე და ლეა ფრიდრიხი) შეხვდა. ჩინელებმა მეტოქეს 0.085 წამით აჯობეს და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ოლიმპიური ოქრო. ოღონდ, მეორე ოქრო ჟონმა აიღო, ვისაც რიოში მეწყვილედ გონ ძინძი ჰყავდა.

„ძალიან მიხარია, რადგან ბოლო რამდენიმე წელი სულ პრობლემები მქონდა. ჩემთვის ყველგან და ყველაფერში პრობლემა იქმნებოდა. ახლა კი ყველაფერი საუკეთესოდაა. ფინალის წინ ჩვენ ვთქვით, უბრალოდ გააკეთე ეს. და ჩვენ ეს შევძელით“, - განაცხადა ჟონმა.

0.113062