„იუვენტუსმა“ კაპიტან ჯორჯო კიელინის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ვეტერანმა მცველმა იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მომდევნო ორი სეზონი ფეხბურთში დარჩება.
„ბედნიერი ვარ, ზოგჯერ ეს ფორმალობას ჰგავს, მაგრამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. აქ პატარა ბიჭი ჩამოვედი, სრულწლოვანზე ოდნავ დიდი და ახლა ოჯახის მამა ვარ, ზრდასრული და ვიცი, რომ ბოლო წლებით უნდა დავტკბე. ვიმედოვნებ, ჩემს წვლილს შევიტან და გუნდს დავეხმარები მეტი ტიტულის მოპოვებაში, ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი“, - თქვა კიელინიმ.
ჯორჯოს „იუვესთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, როდესაც ევრო 2020-ზე თამაშობდა, მერე შვებულებაში იყო, რომელიც 2 აგვისტოს დაასრულა და სწორედ ამიტომ გაჭიანურდა კონტრაქტის განახლება.
„იუვენტუსმა“ კიელინი 2004 წელს „ლივორნოდან“ შეიძინა და პირველი სეზონი „ფიორენტინაში“ გაანათხოვრა, ხოლო 2005 წლიდან ის ტურინელთა უცვლელი წევრია. ამ პერიოდში მან 535 მატჩში 36 გოლი გაიტანა, ცხრაჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო ხუთჯერ იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო. იტალიის ნაკრების რიგებში მან სამი კვირის წინ ევროპის ჩემპიონის ტიტული კაპიტნის რანგში მოიპოვა.