ჭიდაობა

15:45 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეს ნუნიესის რეკორდი: იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია (130 კგ) ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, რითაც საქართველოს მედლების მოგანარი ექვსამდე გაზარდა.

ფინალში ქაჯაია ლეგენდარულ კუბელ, სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ მიაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა. იაკობმა იბრძოლა, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. კუბელმა პირველი პერიოდი 3:0 მოიგო, ხოლო მეორე პერიოდში ორჯერ გაიყვანა ქართველი ხალიჩიდან და საბოლოოდ 5:0 იმარჯვა. ლოპეს ნუნიესი პირველი მოჭიდავეა ბერძნულ-რომაულ სტილში, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ოთხჯერ მოახერხა. მან რუსი ალექსანდრ კარელინის მიღწევა გააუმჯობესა, ვინც ოლიმპიადაზე ზედიზედ სამი ოქრო მოიგო, ბოლოს კი ვერცხლს დაეუფლა. კუბელმა მისი რეკორდი დაამხო და ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ოქროს მედალი.

იაკობ ქაჯაიამ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც მეტოქიდან გამომდინარე ცუდი და ურიგო შედეგი სულაც არ არის. ამრიგად, საქართველოს კიდევ ერთი მედალი ერგო, ჭიდაობაში - პირველი.

ფინალდე ქართველი ფალავანი მერვედფინალში ფინელ ელიას კუოსმანენს შეხვდა და ძალიან იოლად, 3 წუთზე ნაკლებ დროში 9:0 დაჯაბნა, აშკარა უპირატესობით მოიგო, რის შედეგადაც მეოთხედფინალს უწია. იქ ქართველს გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა რუს სერგეი სემიონოვთან. მთლიანობაში იაკობი უკეთესი იყო და 3:1 იმარჯვა. ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და იაკობი თავიდან აგებდა, მაგრამ მერე ზედიზედ სამი ქულა მიითვალა და ამრიგად, ნახევარფინალში გაღწევა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქაჯაიამ სემიონოვს რევანში აუღო, რადგან წინა ოლიმპიადაზე მასთან ჰქონდა წაგებული. ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელ იასმანი ფერნანდეს აკოსტას უმძიმეს ბრძოლაში ბოლოს მოპოვებული ქულის უპირატესობით მოუგო (1:1).

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ამ დროისთვის 6 მედალია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ქაჯაიამდე მედლები ძიუდოისტებმა მოიპოვეს: ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლი, ხოლო შემდეგ ბრინჯაოს ძალოსანი ანტონ პლესნოი დაეუფლა.

0.177046