ავტოსპორტი

22:20 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ჰუნგარორინგზე - ქაოტური რბოლა ესტებან ოკონმა მოიგო
ჰამილტონმა კი ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა

ეს იყო მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რბოლა. ესტებან ოკონმა „ალპინს“ პირველი გამარჯვება მოუპოვა. სებასტიან ფეტელი კვარცხლბეკზე დაბრუნდა, ლუის ჰამილტონმა ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა. დაკიდევ, „უილიამსმა“ პირველი ქულები აიღო. თანაც, რბოლა ქულებში მისმა ორივე პილოტმა დაასრულა.

რბოლა ოდნავ სველ ტრეკზე, დიდი შეჯახებით დაიწყო, რომელიც ვალტერი ბოტასუს შეცდომამ განაპირობა. პირველ მოსახვევში შესვლის წინ, ის ლანდო ნორისს უკნიდან შეეჯახა. ნორისმა მაქს ფერსტაპენი „მოცელა“, ბოტასმა კი სერხიო პერესიც გაიტოლა. ჰამილტონმა უვნებლად გაიარა მოსახვევი და რბოლა გააგრძელა. ფერსტაპენმაც გააგრძელა, მაგრამ მანქანის ძირი მნიშვნელოვნად დაზიანებული ჰქონდა, რამაც რბოლისას მის ტემპზე უარყოფითად იმოქმედა.

რბოლა წითელი ალმებით შეწყდა. მისი განახლების წინ კი, ჰამილტონის გარდა, ყველა მშრალ საბურავებზე გადავიდა. ლიდერმა რესტარტი მარტომ აიღო და ერთი წრის შემდეგ, მანაც პიტ სტოპი შეასრულა, რის გამოც, პელოტონის კუდში აღმოჩნდა. აქედან დაიწყო მისი ბრძოლა პოზიციებისთვის.

48-ე წრეზე ჰამილტონმა ერთხელაც შეცვალა რეზინი და მედიუმებზე გადავიდა. იყო მომენტები, როდესაც ლიდერებს წრეზე სამ წამზე მეტს უგებდა.

გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა ჰამილტონი ფერნანდო ალონსოს დაეწია. ამ დროს, ლიდერი ოკონი იყო. თავად ალონსომაც რამდენიმე წრე ულიდერა პელოტონს. სწორედ ესპანლთან ჭიდაობაში დაკარგა ჰამილტონმა დრო, რომელმაც გამრჯვების შანსი გადაუწურა. ალონსო რამდენიმე წრის განმავლობაში, მედგრად იცავდა თავს. მაგრამ მერე შეცდა და მეტოქეს გასწრების საშუალება მისცა.

მაგრამ ეს ფინიშამდე 5 წრით ადრე მოხდა. ჰამილტონს კი მესამე ადგილისთვის, გასასწრები კარლოს საინსი რჩებოდა. ორ წრეში მასაც გაუარა, მაგრამ ფეტელის და მითუმეტეს, ოკონის დასაწევად და გასასწრებად, ორი-სამი წრე დააკლდა.

სხვათა შორის, ნარბოლევს ოკონმა აღიარა, ჩემი გამარჯვება დიდწილად ალონსოს დამსახურებაა, რადგან ჰამილტონისადმი მისი წინააღმდეგობა რომ არა, რბოლას ვერ მოვიგებდიო. ეს ჭეშმარიტად გუნდური რბოლა გამოდგა, რომელშიც ოკონს და ფეტელსაც, ალონსოს წყალბით გაუმართლათ. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა კი ერთხელად დაადასტურა, რომ ტოპ გუნდს იმსახურებს.

„ის ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გასასწრები მრბოლია და იმავდროულად, კორექტულიც. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ორივემ ზღვარზე ვიარეთ“, - განცხადა ჰამილტონმა, ვინც ალონსოსთან უშეღავათო პაექრობამ ისე დაქანცა, რომ კვარცხლბეკზე აშკარად ეტყობოდა, კარგად ვერ იყო. ბრიტანელმა განაცხადა, რომ თავბრუსვევა და მხედველობის გაორება ჰქონდა. მისი თქმით, შარშან გადატანილი კორონავირუსის შემდეგ, პერიოდულად ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ფერსტაპენმა დაზიანებული მანქანით, მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავა და ერთ ქულას დასჯერდა. უნგრული ეტაპის შემდეგ, ჰამილტონმა ლიდერობა დაიბრუნა და ჰოლანდიელს 6 ქულას უგებს.

რაც შეეხება ბოტასს, თავისი შეცდომა მას მომდევნო რბოლაში (ბელგიის დიდი პრიზი, 29 აგვისტოს), სტარტზე ხუთი ადგილის დაკარგვად დაუჯდება.

უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.630 კმ (4.381 კმ, 70 წრე)

  1. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 2:04'43.199
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.859
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2.736
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 15.018
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 15.651
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'03.614
  7. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'15.803
  8. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'17.910
  9. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1'19.094
  10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'20.244
  11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
  13. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1 წრე
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  15. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 67 წრე
  16. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 68 წრე
  17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 70 წრე
  18. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 70 წრე
  19. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 70 წრე
  20. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 70 წრე

უსწრაფესი წრე: პიერ გასლი - 1:18.394 (70-ე წრე, 201.183 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 192 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 186; 3. ლანდო ნორისი - 113; 4. ვალტერი ბოტასი - 108; 5. სერხიო პერესი - 104; 6-7. შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი - 80; 8. დანიელ რიკარდო - 50; 9-10. სებასტიან ფეტელი და პიერ გასლი - 48; 11. ესტებან ოკონი - 39; 12. ფერნანდო ალონსო - 36; 13. ლანს სტროლი - 18; 14. იუკი ცუნოდა - 16; 15. ნიკოლას ლატიფი - 4; 16. ჯორჯ რასელი - 2; 17-18. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19. მიკ შუმახერი და ნიკიტა მაზეპინი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 300 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 290; 3. მაკლარენ-მერსედესი - 163; 4. ფერარი - 160; 5. ალპინ-რენო - 75; 6. ასტონ მარტინ-მერსედესი - 66; 7. ალფატაური-ჰონდა - 64; 8. უილიამს-მერსედესი - 6; 9. ალფა რომეო-ფერარი - 2; 10. ჰაას-ფერარი - 0

0.228116