სხვა

3:09 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

იამაიკამ 100 მეტრზე სპრინტში მედალი არავის დაუთმო

ტოკიოში მძლეოსანთა ოლიმპიური ტურნირის მეორე დღე იამაიკელი სპრინტერების ტრიუმფით აღინიშნა. მოქმედმა ჩემპიონმა ელეინ თომპსონ-ერამ ყველა მეტოქე ჩამოიტოვა და მეორედ მოიპოვა ოლიმპიური ოქრო. თანაც, ამ დისტანციაზე ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. უფრო მეტიც, იამაიკამ კვარცხლბეკის სამივე საფეხური დაიკავა!

შერეული წყვილების 4x400 მეტრზე ესტაფეტაში, პოლონეთმა მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა, შვედმა დანიელ შტალმა კი დისკოს ტყორცნაში გაიმარჯვა, რასაც ყველა ელოდა. სტარტი აიღო მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სპრინტმა, რომელსაც კინაღამ გამოეთიშა მთავარი ფავორიტი, ამერიკელი ტრეივონ ბრომელი. საბოლოოდ, მან ნახევარფინალში გააღწია.

იამაიკელებს 100 მეტრზე სპრინტში სამივე მედალი 2008 წელსაც აქვთ მოპოვებული და მათ ეს მიღწევა გაიმეორეს. ამასთან, უკვე მეოთხე ოლიმპიადაა, ისინი ოქროს მედალს არავის უთმობენ.

თომპსონ-ერამ ფინიშს 10.61 წამში მიაღწია, რაც ოლიმპიური რეკორდია. ამაზე უკეთესო დრო მხოლოდ ლეგენდარულ ფლორენს გრიფიტ-ჯოინერს ეკუთვნის, ვინც 1988 წელს 10.49 წამი დააფიქსირა. მასვე ერთხელ 10.61 წამშიც აქვს ნარბენი.

მესამე ოქროსთვის იბრძოდა 34 წლის ვეტერანი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი, მაგრამ მან ფინიშს 10.74 წამში მიაღწია და ვერცხლს დასჯერდა. 10.76 წამით ბრინჯაოს შერიკა ჯეკსონი დაეუფლა.

ამგვარად, თომპსონ-ერას სამი ოლიმპიური ოქრო დაუგროვდა - რიოში მან 100 და 200 მეტრზე გაიმარჯვა. ფრეიზერ-პრაისის ანგარიშზე კი ორი ოქრო, ორი ინდივიდუალური ვერცხლი და ერთიც ბრინჯაოა.

მოსალოდნელი იყო, რომ მედლისთვის იბრძოლებდა ბრიტანელი დინა აშერ-სმიტი, მაგრამ მან ფინლსაც ვერ მიღწია და მალევე განაცხადა, რომ მუხლის ტრავმის გამო, ოლიმპიადაზე გამოსვლას ვეღარ გააგრძელებს.

მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სპრინტში, ამ სეზონში ყველაზე სწრაფი ბრომელია, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, მას გაუჭირდა. შესაბამისად, ფინალში ყველაფერია შესაძლებელი. არადა, ლეგენდარულ იამაიკელ უსაინ ბოლტის სპორტიდან წასვლის შემდეგ, ამერიკელებს იმედი აქვთ, რომ ოქროს მედალს დაიბრუნებენ. თუმცა მათ ბრომელის გარდა, კიდევ ორი სწრაფი სპრინტერი ჰყავთ - რონი ბეიკერი და ფრედ კერლი. კვალიფიკაციის ეტაპზე, ყველაზე სწრაფი კანადელი ანდრე დე გრასი (9.91 წამი) იყო, ვისაც რიოში ბრინჯაო აქვს მოპოვებული.

4x400 მეტრზე შერეულ ესტაფეტაში მოპოვებული ოქრო, პოლონელთა პირველი ტრიუმფია ტოკიოში. ფავორიტი აშშ-ის ოთხეული იყო, რომელიც დისკვალიფიკაციის შემდეგ, შეჯიბრზე დააბრუნეს. მაგრამ ისინი ვერც ვერცხლს დაეუფლნენ. მეორე ადგილი დომინიკელთა რესპუბლიკის მორბენლებმა დაიკავეს.

შტალი ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ახლა ოლიმპიური ჩემპიონიცაა. მან ბადრო 68.90 მეტრზე გასტყორცნა. მეორე ადგილი კი მისმა თანაგუნდელმა, სიმონ პეტერსონმა (67.39) დაიკავა.

0.193277