სხვა

2:17 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დრესელმა კიდევ ერთი ოქრო მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მოცურავეთა ოლიმპიური ტურნირის ბოლო დღეს, ქეილებ დრესელმა და კეიტი ლედეცკიმ შეერთებული შტატების გუნდს, ორი ოქროს მედალი შესძინეს. ამგვარად, ამერიკელთა მონაგარმა ყველაზე მეტი, რვა ოქრო შეადგინა, თუმცა ეს ორჯერ ნაკლებია იმაზე, რაც მათ რიოში შეძლეს.

ამერიკას ორი ოქროთი ჩამორჩა ავსტრალია, რომელსაც მეშვიდე ოქროს მედალი, კეილინ მაკკეონმა მოუპოვა, ბრიტანეთი კი მეოთხე ოქროს მედალს, 4x100 მეტრზე შერეულ ოთხეულებში, შერეული სტილით ცურვაში დაეუფლა.

დრესელმა აკორდი 100 მეტრზე ბატერფლაიში შეასრულა, რომელიც 49.45 წამში გაცურა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. მსოფლიო ჩემპიონმა დრესელმა, უნგრელი კრიშტოფ მილაკი, ვისაც ოქრო 200 მეტრზე ბატერფლაიში აქვს მოპოვებული, 0.23 წამით აჯობა.

ამერიკელმა სტარტზევე ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდ წინ არავინ გაუშვა. მილაკმა უკანა გზაზე შეძლო ამოქაჩვა, მაგრამ დაწინაურება ვეღარ მოასწრო. „მსოფლიო რეკორდი დამჭირდა მოსაგებად. ეს კი ოლიმპიადებზე ხშირად არ ხდება. ჩემი გეგმა იყო სწრაფად დაწყება და უპირატესობის შენარჩუნება“, - განაცხადა ჩემპიონმა.

„ეს სამართლიანი შედეგია. ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. მიხარია, რომ ჩემ დასამარცხებლად, ქეილებს მსოფლიო რეკორდი დასჭირდა“, - განაცხადა უნგრელმა მოცურავემ.

ლედეცკიმ პირველ ორ დისტანციაზე - 200 და 400 მეტრზე თავისუფალში, ავსტრალიელ არიარნე ტიტმუსთან წააგო. მაგრამ ორ ოქროს მაინც დაეუფლა. ჯერ 1500 მეტრზე გაიმრჯვა, რომელიც ოლიმპიურ პროგრამაში პირველად იყო, ბოლო დღეს კი 800 მეტრზეც ჩემპიონი გახდა.

მანაც სტარტი კარგად აიღო და თავიდანვე დაწინაურდა. 500-მეტრის შემდგ, მან ტიტმუსთან უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ, მას წამზე მეტით აჯობა. ამგვარად, ის ამ დისტანციაზე, ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი. ამგვარად, ის პირველი ამერიკელი ქალი მოცურავეა, ვისაც ექვსი ოლიმპიური ოქრო აქვს მოგებული და ერთ დისტანციაზე სამჯერ გაიმარჯვა.

ტიტმუსი ამჯერად ვერცხლს დასჯერდა, მაგრამ ავსტრალიას კიდევ ერთი ოქრო მაკკეონმა მოუპოვა. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში გამარჯვების შემდეგ, მან 200 მეტრზეც პირველობა არავის დაუთმო. არადა, პირველი 150 მეტრის შემდეგ, ლიდრი კანადელი კაილი მასე იყო. ბრინჯაოს მედალს მაკკეონის თანაგუნდელი ემილი სიბომი დაეუფლა. სხვათა შორის, სიბომმა ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოპოვება. პატივისცემის ნიშნად, მაკკეონმა მოითხოვა, რომ ოქროს მედალი სწორედ სიბომისგან მიეღო და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზეც მასთან ერთად დადგა.

4x100 მეტრზე შერეულ სქესთან შერეული სტილით ცურვაში, თავიდან ამერიკა, იტალია და ჩინეთი დაწინაურდნენ. ბრიტანეთი მხოლოდ მეექვსე იყო. მაგრამ ბრასში ოქროს მედლის მფლობელმა ადამ პიტიმ ორი მეტოქე ჩამოიტოვა. ჯეიმს გაიმ ბატერფლაიში თავისიანები დააწინაურა. ანა ჰოპკინმა თავისუფალ სტილში მაკკეონის და ჩინელი იან ჯუნსუანის შეტევას გაუძლო და ბრიტანეთს ოქრო მოაპოვებინა. ბოლო ეტაპზე, ამერიკელთა შორის დრესელმა იასპარეზა, მაგრამ მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

0.151393