სხვა

22:16 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძე: "ოლიმპიადაზე ისეთი რამ მოხდა, რაც უბრალო შეჯიბრზეც არ ხდება"

ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და თავის გამოსვლა შეაფასა. მან განაცხადა, რომ დახურულ ტირში მოუწიათ ასპარეზობა, რაც მსგავს შეჯიბრებებზე არასდროს მომხდარა.

„ძალიან მინდოდა, რომ კიდევ გამეხარებინა ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი. ვეცადე სიმართლე გითხრათ, თავი ნამდვილად არ დამიზოგავს, ასე რომ ვთქვათ, ისეთი სერიები ამოვქაჩე და ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ ამჯერად არ გამომივიდა. არავის და არაფერს ვაბრალებ, მაგრამ არცერთი ოლიმპიადა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი არ ტარდება დახურულ ტირში. ოლიმპიადა კი არა, უბრალო საერთაშორისო შეჯიბრზეც არ ხდება. ჩამოვედით და ყველა სპორტსმენს ეს სიურპრიზი დაგვხვდა და დახურულ ტირში ვისროლეთ 25 მეტრიდან. ვიკითხეთ და გვიპასუხეს, რა მნიშვნელობა აქვსო.

ეს იგივეა, რომ ფეხბურთი ბალახის მაგივრად ხელოვნურ საფარზე ათამაშო, ჩოგბურთი ბალახის ნაცვლად ქვიშაზე ან მძლეოსნობა დახურულ დარბაზში იყოს. განსხვავება ისაა, რომ ხელოვნური და ბუნებრივი განათების შედარება არ შეიძლება, ამიტომ, გამიჭირდა, ჩემი მხედველობის გამო. ჩემს ოლიმპიურ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ, უხვად მედლების მოპოვებას და მთელ ქვეყანაში მშვიდობას“, - თქვა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძემ ტოკიოში 25 ივლისს იასპარეზა და 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის კვალიფიკაცია ვერ დაძლია, ხოლო 30 ივლისს 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით ასპარეზობაში კვალიფიკაცია ვერ დაძლია და ტოკიოს ოლიმპიადას დაემშვიდობა. სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ისტორიაში, რომელსაც მონაწილეობა 9 ოლიმპიადაზე აქვს მიღებული. მან 1988 წელს სეულში ოქროსა და ვერცხლის, ხოლო 2008 წელს პეკინში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.116459