ძიუდო

14:35 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გუნდური შეჯიბრება ძიუდოში: საფრანგეთი ოლიმპიური ჩემპიონია, იაპონიას ვერცხლი ერგო

ძიუდოში გუნდური შეჯიბრება საფრანგეთმა მოიგო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფრანგმა ძიუდოისტებმა ფინალში ბუდოკანის ლეგენდარულ დარბაზში იაპონიის ნაკრებს მოუგეს. იმ იაპონიას, რომელსაც ინდივიდუალურ შეჯიბრებაში სრული ტრიუმფი ჰქონდა.

ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ძალიან დამაჯერებლად, 4:1 მოიგო! ერთადერთი ბრძოლა, რომელიც იაპონელთა სასარგებლოდ დასრულდა, აკირა სონეს დამსახურებაა, რომელმაც რომან დიკოს სძლია. სამაგიეროდ კლარის აგბენენუმ ჩირუზუ არაის, აქსელ კლერჟემ სოიჩირო მუკაის, ტედი რინერმა აარონ ვოლფს, ხოლო სარა ლეონი სისიკემ ცუკაშა იოშიდას აჯობა. ტატამიზე ვერ გავიდა შოჰეი ონო, რომელიც გუილემ შანეს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს საჭირო არ გახდა, იაპონია საფრანგეთთან მანამდე დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლები გერმანიისა და ისრაელის ნაკრებებმა მოიპოვეს, რომელმაც შესაბამისად ნიდერლანდები (4:2) და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი (4:1) დაამარცხეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში ვერ იღებდა მონაწილეობას, რადგან ქალთა შორის ქვოტა ვერ შეივსო. ამისთვის საჭირო იყო მინიმუმ 3 ქალი მონაწილე ოლიმპიადაზე, საქართველოს კი ასეთი მხოლოდ ორი ჰყავდა - ეთერ ლიპარტელიანი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.

აქვე გეტყვით, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს. ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), მაგრამ წააგეს და მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. ძიუდოში ოლიმპიადაზე 4 მედალი საქართველომ პირველად მოიპოვა, აქამდე სარეკორდო მაჩვენებელი 2 მედალი იყო.

0.130119