საფეხბურთო ჩემპიონატები

21:52 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილას“ გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონი შესთავაზა

პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ მზადაა ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. როგორც Daily Telegraph-ი იუწყება, კლუბმა შეთავაზება უკვე გააკეთა. აღნიშნული მოლაპარაკების დაწყების შესახებ ასევე ავრცელებს ინფორმაციას Sky Sports-ი.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა პოზიციაზეა ბირმინგემული კლუბი, თუმცა უნდა ითქვას, რომ „ქალაქელები“ პრემიერლიგის სატრანსფერო რეკორდთან ახლოს არიან - 2016 წელს „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, პოლ პოგბას სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 89 მილიონი გადაიხადა.

გრილიში „ასტონ ვილას“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ჯეკმა 27 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ასევე ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრია და ევრო 2020-ზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა.

0.054947