ძიუდო

17:33 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქევხიშვილი: "გუჯეჯიანმა თავიდანვე თქვა, რომ ოლიმპიადაზე ან ბექაურთან ერთად წავიდოდა, ან გუნდს დატოვებდა"

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლა შეაფასეს.

ქევხიშვილმა ლაშა გუჯეჯიანის წვლილი გამოყო, განსაკუთრებით კი ლაშა ბექაურის შემთხვევაში, რომლის ოლიმპიადაზე მონაწილეობა ტრავმის გამო საეჭვო იყო.

„ოლიმპიური თამაშები უმაღლესი დონის შეჯიბრია და ვერცხლის მედალი შესანიშნავი შედეგია, რადგან ბევრი მედალს ვერ იღებს. მინდა, მივულოცო ძიუდოს ნაკრებს ზოგადად კარგი გამოსვლა, 1 ოქრო და 3 ვერცხლი. არ დაგვავიწყდეს, რომ ორმა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა და ასევე ჩვენი გოგონა, რომელმაც მესამე ადგილისთვის იბრძოლა. მთლიანად რომ შევაფასოთ, ძალიან მაღალი და წარმატებული შედეგია. ვულოცავ გულშემატკივრებს ამ დიდ წარმატებას და იმედია, კიდევ გვექნება მედლები და გავაგრძელებთ ჩვენს ტრიუმფს“, - აღნიშნა ხაბელოვმა.

„რა თქმა უნდა, მთლიანად ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს შედეგს მიაღწია. არა მარტო ძიუდოს ფედერაციამ, მთელმა ქვეყანამ, რადგან ოლიმპიადაზე ქვეყნის სახეს წარმოაჩენ. ძალიან მოხარული ვარ, ძიუდოს ფედერაციამ ღირსეულად დაიწყო და ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინა, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი. თითოეულ სპორტსმენს, მონაწილეს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო მომზადების პროცესში, გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი და განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო ექიმების დამსახურება ლაშა ბექაურის გამოჯანმრთელებაში და კარგ კონდიციამდე მიყვანაში.

ასევე, განსაკუთრებით უნდა გამოვყო ლაშა გუჯეჯიანის დამსახურება ამ წარმატებაში, განსაკუთრებით ლაშა ბექაურის ოქროს მედლის შემთხვევაში. მას მძიმე ტრავმა ჰქონდა და პრაქტიკულად ყველამ ჩაიქნია ხელი, იყო მომენტი, როცა ექიმებიც ვერ იღებდნენ პასუხისმგებლობას მის ღირსეულ გამოსვლაზე ტრავმის გამო. აქედან დამამახსოვრდა, რომ ლაშა გუჯეჯიანმა თქვა, ან წავალ ოლიმპიადაზე ლაშასთან ერთად ან აღარ ვიქნები ნაკრების მწვრთნელი. ეს იყო უდიდესი ნდობა, რომელიც ამ პატარა ბიჭს გამოუცხადა. მინდა, რომ ეს ნდობა გაგრძელდეს ამ ნაკრებში და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდ შედეგებს მივაღწევთ“, - თქვა ქევხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოში საქართველოს 7 წონით კატეგორიაში 6 ნახევარფინალისტი და ოთხი ფინალისტი ჰყავდა, რაც თავისთავად დიდებული შედეგია. ამას თუ დავუმატებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა, ხოლო ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, შედეგი უფრო შთამბეჭდავია.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციის აქტივში ამ დროისთვის 4 მედალია - ლაშა ბექაურმა ოქროს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში იაპონიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 4 მედალი ოლიმპიადაზე ძიუდოსთვის სარეკორდი მაჩვენებელია, აქამდე საუკეთესო შედეგი 2 მედალი იყო.

0.137893