ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით ასპარეზობაში კვალიფიკაცია ვერ დაძლია და ტოკიოს ოლიმპიადას დაემშვიდობა.
კვალიფიკაციის პირველი ეტაპი 3 სერიისგან შედგებოდა და 44 სპორტსმენს თითო სერიაში 10-10 გასროლა ჰქონდა. პირველ ჯერზე ნინომ 94 ქულა დააგროვა, მერე კი - 98 და 99 ქულა. შედეგად, ჯამში 291 ქულა მიიღო და მეშვიდე ადგილზე გავიდა, თუმცა, მეორე ეტაპზე სწრაფ სროლაში ქართველმა ასე კარგი შედეგი ვეღარ აჩვენა. სწრაფ სროლაში, რომელიც აგრეთვე 10-10 გასროლისგან და 3 სერიისგან შედგებოდა, 94, 96 და 97 ქულა დააგროვა, საბოლოო ჯამში კი - 287. ეს მხოლოდ 25-ე ადგილისთვის გამოდგა საკმარისი და სალუქვაძისთვის რიგით მეცხრე ოლიმპიური თამაშები დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძემ ტოკიოში 25 ივლისსაც იასპარეზა და 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის კვალიფიკაცია ვერ დაძლია. სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ისტორიაში, რომელსაც მონაწილეობა 9 ოლიმპიადაზე აქვს მიღებული. მან 1988 წელს სეულში ოქროსა და ვერცხლის, ხოლო 2008 წელს პეკინში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.