ტოკიოს ოლიმპიადის მეექვსე დღეს, ტოკიოს აკვატიკ სენტერში, ოქროს ორ-ორ მედალს ამერიკელი და ჩინელი მოცურავეები დაეუფლნენ. ამერიკელთა ერთი ოქრო ქეილებ დრესელზე მოდს, რომელმაც მამაკაცთა შორის 100 მეტრზე თავისუფალ სტილში გაიმარჯვა. ჩინელებმა კი ესტაფეტაში მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს.
დრესელის გარდა, ამერიკელების გუნდს ოქრო ბობი ფინკემაც მოუპოვა, რომელმაც 800 მეტრზე თავისუფალ სტილში გაიმარჯვა. ჩინელებმა ტოკიოს აუზში პირველი ოქრო 200 მეტრზე ბატერფლაიში მოიპოვეს, სადაც ჟან იუფეიმ გაიმარჯვა. მოგვიანებით, მანვე თანაგუნდელებთან ერთად, 4x200 მეტრზე თავისუფალ სტილში, მსოფლიოს რეკორდული დროით გაიმარჯვა. ოქროს გარეშე დღე არც ავსტრალიამ გააცდინა. ზაკ სტაბლეტლი-ქუკმა მამაკაცთა შორის 200 მეტრზე ბრასში გაიმარჯვა.
მსოფლიო ჩემპიონმა დრესელმა 100 მეტრზე თავისუფალში, ოლიმპიური რეკორდიც (47.02 წამი) დაამყარა და სულ რაღაც, 0.06 წამით ჩამოიტოვა რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, ავსტრალიელი კაილ ჩალმერსი. ბრინჯაოს მედალი რუსმა კლიმენტ კოლესნიკოვმა მოიპოვა.
დრესელი თავიდანვე დაწინაურდა. თავიდან მას კოლესნიკოვი უტევდა, მაგრამ ამერიკელმა მაღალი ტემპი შეინარჩუნა და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა. დისტანციის მეორე ნახევარში, ჩალმერსმა უმატა ტემპს, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. დრესელისთვის ეს მეოთხე ოლიმპიური ოქროა და პირველი ინდივიდუალურად მოპოვებული. პირველი ორი რიოში მოიპოვა, ტოკიოში კი პირველს 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში დაეუფლა.
თუ დრესელი თავიდანვე ფავორიტი იყო, 800 მეტრზე თავისუფალში, ფინკეს გამარჯვებას ბევრი არ ელოდა. აქ ფავორიტი იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი გრეგორიო პალტრინიერი იყო, ვინც პირველი 750 მეტრის განმავლობაში ლიდერობდა. მაგრამ შემდეგ ჯერ გერმანელმა ფლორიან ველბროკმა გაასწრო, ფინიშამდე კი ორივეს ამერიკელმა გადაასწრო.
ველბროკი ბოლო მეტრებზე გადაიღალა და მას იტალიელმა ისევ გაასწრო. საბოლოოდ, ის ფინკეს 0.24 წამით ჩამორჩა და ვერცხლს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადამდე პალტრინერიმ იავადმყოფა, რამაც მის გამოსვლას კვალი დაატყო. ველბროკმა ვერც ბრინჯაო მოიპოვა - გაცურვამ მესამე ადგილზე უკრაინელმა მიხაილო რომანჩუკმა დაასრულა.
ჟან იუფეი აუზში ჩინელთა მთავარი იმედ იყო და მან ეს იმედი სრულად გაამართლა. 200 მეტრი ბატერფლაის სტილით, მან ოლიმპიური რეკორდით (2:03.86) მოიგო. აღსანიშნავია, რომ მანამდე მანვე 100 მეტრზე ბატერფლაიში ვერცხლი მოიპოვა. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ ამერიკელები, რეგან სმიტი და ჰალი ფლიკინგერი. ეს ამ სახეობაში, ამერიკელთა მიერ, სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადის შემდეგ მოპოვებული პირველი მედლებია.
იუფეი მალე აუზს ისევ დაუბრუნდა, რათა 4x200 მეტრზე თავისუფალის ესტაფეტაში მიეღო მონაწილეობა. ჩინეთის ოთხეულმა ორივე ფავორიტი - ამერიკა და ავსტრალია უკან მოიტოვა და მსოფლიო რეკორდით - 7:40.33 გაიმარჯვა. ამერიკელები (7:40.73) ვერცხლს დასჯერდნენ, ავსტრალიელები კი (7:41.29) - ბრინჯაოს. სამივე ოთხეულმა წინ რეკორდზე (7:41.50, რომელიც ავსტრალიემ 2019 წელს დაამყარა) უკეთესი დრო დააფიქსირა.
მამაკაცთა 200 მეტრზე ბრასში, პირველი 150 მეტრის განმავლობაში, წინ ჰოლანდიელი არნო კამინგა იყო, რომელიც მსოფლიო რეკორდზე უკეთესი გრაფიკით მიცურავდა. მას კვალში ედგა ფინელი მატი მატსონ. მაგრამ ფინშამდ ორივეს სტაბლეტლი-ქუკმა ბოლო მონკვეთზე მკვეთრად გაზარდა ტემპი და კედელსაც პირველი შეეხო. მან ავსტრალიას აუზში მეხუთე ოქროს მედალი მოუპოვა. ამასთან ეს ავსტრალიელი მამაკაცი მოცურავეების პირველი ოქროცაა.
კამინგა ვერცხლს დასჯერდა. ეს მის მიერ ტოკიოში მოპოვებული მეორე ვერცხლის მედალია. პირველი 100 მეტრზე ბრასში აქვს მოპოვებული. ბრინაო მატსონმა აიღო.
აღსანუშნავია, რომ მას შემდგ რაც 1964 წლის ტოკიოს ტამაშებზე, ბრასში ავსტრალიელმა იან ო’ბრაიენმა გაიმარჯვა, მის თანამემამულეებს ბრასში ოქრო აღარ მოუპოვებიათ. და სტაბლეტლი-ქუკმა ეს არასასურველი ტრადიცია დაარღვია.