სანდრო ბაზაზე მსოფლიო რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა. ქართველმა მოფარიკავემ ტოკიოს ოლიმპიადაზე მე-4 პიზიცია დაიკავა და კლასიფიკაციაში 54 ქულა მოაგროვა. საერთო ჯამში კი 177 ქულით მე-8 ადგილიდან მე-5-ზე გადაინაცვლა.
რეიტინგის სათავეში უნგრელი არონ შილაგი მოექცა. სწორედ მასთან დამრცხდა სანდრო ნახევარფინალურ შეხვედრაში, როდესაც მსაჯებმა მეტოქეს არასამართლიანად ქულა მიანიჭეს და მოუხედავად იმისა, რომ ჩვენებურმა ქულა გააპროტესტა, არბიტრმა მიღებული გადაწყვეტილება აღარ შეცვალა.
მეორე პოზიციაზე დაქვეითდა სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი. ის ზაფხულის თამაშებს პირველი ნომრის სტატუსითა და ლიდერის რანგში შეხვდა, თუმცა ბაზაძემ მას მეოთხედფინალში საოცარი შეხვედრა მოუგო და რეიტინგში რეგრესიც მეტწილად ამან გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოფარიკავემ ბოლო შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის ასევე სამხრეთკორეელ კიმ ჟუნგვანთან 11:15 წააგო და ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა.