სხვა

20:56 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის გამო ამერიკელი კენდრიკსი ჭოკით ხტომას გამოეთიშა

ჭოკით მხტომელთა შეჯიბრს, დაწყებამდე გამოეთიშნენ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ამერიკელი სემ კენდრიკსი და არგენტინელი ხერმან კიარავილიო. კენდრიკსის ინფიცირება, ამერიკის ოლიმპიური გუნდის ოფიციალურმა პირებმა უკვე დაადასტურეს.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ავსტრალიელი ათლეტების გუნდი თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა და სპორტსმენები საკუთარ ოთახებში ჩაიკეტნენ. მსოფლიო რეკორდსმენმა, შვედმა არმანდ დუპლანტისმა კი განაცხადა, რომ ამერიკელ მეტოქესთან კონტაქტი არ ჰქონია.

„ძალიან გამიმართლა, რომ ამ დღეებში, მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. ჭოკით ყველა მხტომელი ამ ამბის გამო საკმაოდ შეცბუნებულია“, - განაცხადა დუპლანტისმა.

ტოკიოში პანდემიური შეზღუდვები, ოლიმპიური სოფლის გარეთ, ნებაყოფლობითია. ქალაქში გუშინ ინფიცირების 3 865 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კი დღიური ინფიცირების რიცხვი, 10 000-ს პირველად ასცდა.

0.13165