სხვა

2:31 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიტმუსმა და ოჰაშიმ მეორე ოქრო მოიპოვეს

ავსტრალიელმა არიარნე ტიტმუსმა და იაპონელმა იუი ოჰაშიმ ტოკიოს აკვატიკ სენტერში, მეორედ მოიპოვეს ოქროს მედლები. ამასთან, ტიტმუსმა უკვე მეორედ დაამარცხა ამერიკელი ფავორიტი კეიტი ლედეცკი, რომელმაც 1500 მეტრზე თავისუფალ სტილში, რომელიც პირველადაა ოლიმპიურ პროგრამაში, თავისი პირველი ოქრო მოიპოვა.

ბრიტანეთი მამაკაცთა 4x200 მეტრზე ესტაფეტაში ოქროს მედალს დაეუფლა, უნგრელმა მსოფლიო რეკორდსმენმა კრიშტოფ მილაკმა, 200 მეტრზე ბატერფლაიში გაიმარჯვა. არადა, სტარტამდე წუთებით ადრე, საცურაო ფორმის გამოცვლამ მოუწია.

ლედეცკი 200 მეტრზე თავისუფალ სტილში მოქმედ ჩემპიონ და ფავორიტი იყო, მაგრამ ამჯერად მედლის გარეშე დარჩა. ტიტმუსს კი პაექრობამ ჰონ კონგელ სიობან ჰოგეისთან მოუწია. პირველი 150 მეტრის შემდეგ, წინ სწორედ ჰოგეი იყო, ტიტმუსი კი - მხოლოდ მესამე. მაგრამ 20 წლის ავსტრალიელმა ბოლო 50 მეტრი მასზე სწრაფად გაცურა და მეორე ოქრო მოიპოვა.

ტიტმუსი 1972 წლის შემდეგ, პირველი ავსტრალიელი ქალი მოცურავეა, ვინც ერთ ოლიმპიადაზე, 200 და 400 მეტრზე თავისუფალ სტილში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მიუნხენში მსგავსი დუბლი შეინ გოულდმა შეასრულა. ტიტმუსმა ორივე დისტანციაზე ლედეცკის მოუგო.

„საშინლად დავიღალე, ძალიან რთული რბოლა იყო. ვიცოდი, რომ სიობანის დამარცხება ძალიან ძნელი იქნებოდა“, - განაცხადა ტიტმუსმა, ვისაც მეტსახელად „ტერმინატორი“ შეარქვეს. მან დისტანცია წუთსა და 53.50 წამში გაცურა.

მარცხის და დაღლილობის მიუხედავად, ლედეცკიმ ალა მოიკრიბა და 1500 მეტრზე თავისუფალში ჩემპიონი გახდა. მან დიდი უპირატესობით აჯობა თანაგუნდელ ერიკა სალივენს, ბრინჯაოს მედალი კი გერმანელ სარა კოლერს ერგო.

ლედეცკის და ტიტმუსის პაექრობა სავარაუდოდ, 800 მეტრზე თავისუფალშიც გაგრძელდება, რომელიც შაბათს გაიმრთება. შემდეგ კი ისინი ერთმანეთს 4x200 მეტრზე ესტაფეტაშიც დაუპირისპირდებიან.

ოჰაშიმ მეორე ოქროს მედალი 200 მეტრზე ინდივიდუალურ შერეულ სტილში მოიპოვა. მან უკან მოიტოვა ამერიკელები - ალექს ვალში და კეიტ დუგლასი. ვალში პირველი 150 მეტრის შემდეგ წინ იყო, მაგრამ ბოლოს, თავისუფალი სტილის ეტაპზე, იაპონელმა გადაასწრო

„მგონი სიზმარია. რეალობის შეგრძნება არ მაქვს. ბოლო 15 მეტრი ძალიან ძნელი იყო. ფეხები საშინლად მტკიოდა, მაგრამ არ გავჩერებულვარ“, - განაცხადა ჩემპიონმა.

მამაკაცთა თავისუფალი სტილით ესტაფეტაში ბრიტანელებმა, ტომ დინმა, დანკან სკოტმა, ჯეიმს გაიმ და მეტიუ რიჩარდსმა ოქროს მედლები დაისაკუთრეს. ბრიტანლი ოლიმპიელი მოცურავეებისთვის, ეს ტოკიოში მოპოვებული მესამე ოქროს მედალია. პირველი ორი ადამ პიტის და ტომ დინის ანგარიშზეა. და ეს 1908 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ბრიტანელები ერთ ოლიმპიადაზე ცურვაში სამ ოქროს ეუფლებიან.

ბრიტანულმა კვარტეტმა ფინიშს 3 წუთსა და 58.58 წამში მიაღწია და სულ რაღაც, 0.03 წამი დააკლდა მსოფლიო რეკორდამდე, რომელიც ამერიკელებმა 2009 წელს დაამყარეს. ვერცხლი რუსებს ერგოთ, ბრინჯაო კი - ავსტრალიელებს. ამერიკელები მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. და ეს მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის შემდეგ (რომელზეც ამერიკა არ გამოსულა) პირველი შემთხვევაა, როცა ესტაფეტაში ისინი უმედლოდ დარჩნენ.

200 მეტრზე ბატერფლაიში, ფავორიტმა მილაკმა უკან მოიტოვა იაპონელი ტომორუ ჰონდა და იტალიელი ფედერიკო ბურდისო. ჩემპიონმა დისტანცია 1:51.25-ში გაცურა და მაიკლ ფელპსის ოლიმპიური რეკორდიც გააუმჯობესა. ამერიკელს თავისი რეკორდი (1:52.03) პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე აქვს დამყარებული. მილაკი კი ამავე დისტანციაზე მსოფლიო რეკორდსმენიცაა (1:50.73).

როგორც უნგრელი ყვება, აუზზე შესვლისას შენიშნა, რომ მისი საცურაო ფორმა გახეული იყო და ამ დროს მიხვდა, რომ მსოფლიო რეკორდს ვერ შესწვდებოდა. „ყურადღება გამეფანტა და მაშინვე ვიფიქრე, რომ ამას ვერ შევძლებდი. მაგრამ ოქროს მედლით ბედნიერი ვარ“, - განცხადა მილაკმა.

0.272318