ძიუდო

19:32 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გუჯეჯიანი: "ბექაურმა ჯოჯოხეთური გზა გაიარა, მომდევნო ორი დღისგან დიდი მოლოდინი გვაქვს"

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მისი გამოსვლა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა შეაფასა. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ გააკეთა კომენტარი და არა მარტო ბექაურზე, არამედ მომდევნო ორ დღეზე ისაუბრა, როცა ასპარეზობაში ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი ჩაერთვებიან.

„პირველ რიგში ყველას გილოცავთ ყველას, სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა, მზად იყო და ფაქტი სახეზეა, დღეს ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს ლაშა ბექაური. ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ძალიან გაგვახარა და გაამართა იმედები, რასაც მასზე ვგეგმავდით. ამ ყველაფრისთვის წლების განმავლობაში ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული და ძალიან დიდი მადლობა მინდა მას გადავუხადო, ამ ბედნიერი წუთებისთვის და მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ დღეს ეს ყველაფერი ლაშა ბექაურმა შეძლო და მასთან ერთად ყველამ ერთად შევძელით.

ჩემს ინტერვიუებში არაერთხელ მითქვას, რომ ლაშა სხვა ძიუდოისტებისგან არ გამოირჩევა ტაქტიკური ან კონკრეტულად ძიუდოს ცოდნით. ლაშა ბექაური გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით, თავისი შეუპოვარი, მედგარი ხასიათით, რომელმაც საქართველოს ეს ოლიმპიური ოქრო მოუტანა. მისმა სულმა, მისმა ასეთმა თავდადება. ძალიან იშვიათად შეუძლია ადამიანს თავი გაწიროს თავისი იდეის გამო, როგორც ეს ლაშას შეუძლია და მას ეს ძალიან მაგრად გამოსდის. ფაქტია, რომ მან ეს ყველაფერი ძალიან რთული პოზიციიდან შეძლო. ვგულისხმობ იმ ტრავმას, იმ განვლილ გზას, იმ ჯოჯოხეთურ გზას, რომელიც მან გაიარა და ასე ტკბილად, ლამაზად აქცია ეს ყველაფერი.

მოულოდნელი გერმანელი მეტოქე ფინალში? ტიტულებით არ გამოირჩევა, მაგრამ მედალთან ყოველთვის ახლოს იყო, არ ყოფილა სუსტი მეტოქე ჩვენთვის. თავისი პოტენციალი გააჩნია, თორემ ფინალში ვერ გავიდოდა. ამ მომენტისთვის მზად იყო და ფინალში გავიდა. ტაქტიკას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გვქონდა მონახაზი, მაგრამ მთავარი იყო ლაშა ბექაურს ისე მედგრად და შეუპოვრად ებრძოლა, როგორი ხასიათიც აქვს და მან ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ ყველაფერს. ყველანი ერთად ბედნიერები ვართ მისი ამ წარმატებით. ვულოცავ ლაშას, მის მწვრთნელებს, ოჯახს, ექიმების დიდი დამსახურებაა. ძალიან ბევრი ადამიანის დამსახურებაა. ძალიან დიდი სიხარულია, დიდი მუხტი შემოიტანა ამ ოქრომ ორი ვერცხლის შემდეგ, გუნდს რაღაც ახალი შესძინა და ყველას დიდი მადლობა ვისაც გაუხარდა.

ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. დარჩენილია 100 კგ წონითი კატეგორია და მძიმე წონა. დარჩენილია გუნდის კაპიტანი და ერთპიროვნული ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც აუცილებლად იბრძოლებს თავისი მიზნისთვის და იმ გვირგვინისთვის, რაც აკლია. ის ნამდვილად უგვირგვინო ჩემპიონია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ ოლიმპიური ჩემპიონი გახდება და ამისთვის არც ვარლამი და არც აქ მყოფი ადამიანები არაფერს დავიშურებთ. რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, ისიც გამორჩეულია, მსოფლიოს ჩემპიონია და ასე რომ, ამ შედეგით არ ვკმაყოფილდებით, არ ვართ გაჩერებულები და ძალიან საინტერესო, გულ-ანთებული დღეები გველის წინ, აუცილებლად ვიბრძოლებთ.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 3 მედალი აქვს (1 ოქრო და 2 ვერცხლი), რითაც მე-19 ადგილზე იმყოფება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო აჩვენა და ოლიმპიადაზე სამი მედალი პირველად მოიპოვა.

0.118828